ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. საუბრისას ხაზი გაესვა კავშირების მნიშვნელობას კულტურისა და განათლების მიმართულებით. აქვე, აღინიშნა 5 ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან.
ასევე, განიხილეს, ფრანგული ენის პოპულარიზაციის გარდა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რა კუთხითაც ის წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას წევრ ქვეყნებს შორის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გააღრმაოს თანამშრომლობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრანსის დრუენმა საქართველოს პრემიერმინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.
შეხვედრას ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა გენერალური მდივანი ბრუნო ფუქსი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციულ საკითხთა გენერალური მდივანი დამიენ სესლენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.