3 პირს, რომელმაც მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება აღუკვეთა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 3 პირს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით, ორი მეგობრის დახმარებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 7 ივნისს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ცოლად შერთვის მიზნით ორი მეგობრის დახმარებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს.

ბრალდებულები გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მოქმედებდნენ და თვლიდნენ, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, ვის გაჰყოლოდა ცოლად.

სამივე პირს ბრალდება, მათ შორის ერთ-ერთს დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები