სანდრო თვალჭრელიძე: ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის

“ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ტრამპს მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური და ანტიტირანული პოლიტიკა ექნება.

“ჩვენ ტრამპის 4-წლიანი მმართველობა გვახსოვს და შეიძლებოდა იქიდან გამომდინარეც გვემსჯელა, მაგრამ არ გამოგვივა, რადგან მის პირველ ვადას დაემთხვა პანდემიის ყველაზე ცხელი პერიოდი, რამაც მას, გარკვეულწილად, ხელი შეუკრა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მსოფლიო, ჩვენც და მგონი, თვითონ ტრამპიც, სრულ გაურკვევლობაში ვართ და დაბეჯითებით იმის თქმა, რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის მეორე დღიდან, რთულია. მას ბევრი მრჩეველი ჰყავს და ისინი, ჩემი აზრით, სხვადასხვა მიმართულებით უბიძგებენ. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც წინასაარჩევნოდაც ვისმენდით და არჩევნების შემდგომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკმაოდ აგრესიული და ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებს, რამაც მსოფლიოში შესაძლოა დიდი რყევები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააგრძელებს მექსიკასთან კედლის მშენებლობას და, ალბათ, დაასრულებს კიდეც, ექნება ხისტი პოლიტიკა ემიგრანტების მიმართ და ამ მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლასაც მოინდომებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, ექნება მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური და ანტიტირანული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ირანისა და ისრაელის ურთიერთობა ძალიან მწვავეა. ვფიქრობ, ისრაელი შეეცდება გამოიყენოს აშშ ბუფერად ამ დაპირისპირებაში და ყველაფერი გააკეთოს ირანის მმართველი რეჟიმის შესაცვლელად. ეს რით დასრულდება, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის უახლესი მომავლის ურთიერთობა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენამდე ტრამპს უამრავი პრობლემა ხვდება, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის იმედი სულ ტყუილად აქვს. საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი საყრდენი სამხრეთ კავკასიაში, აშშ-ს ძალიან სჭირდება. მას სჭირდება ფორპოსტი ამ რეგიონში. ტრადიციულად ეს გახლდათ რესპუბლიკელების პოლიტიკა და დაუჯერებელი მგონია, ამ მიმართულებით, ტრამპმა რაიმე შეცვალოს. მეტიც, ჩემი აზრით, ის იქნება კიდევ უფრო ხისტი და თანამიმდევრული, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსთვის საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რყევები ელის. ტრამპი, სავარაუდოდ, მაშინ მოიცლის საქართველოსთვის.

აშშ თავისუფალი სამყაროს არც ერთ გოჯს რუსეთს არ დაუთმობს. სამხრეთ კავკასია გასაღებია ახლო აღმოსავლეთისკენ, იმავე ირანისკენ. ტრამპმა თქვა, რომ ყველასგან და ყოველთვის დაიცავს აშშ-ის ინტერესებს და ასეც მოიქცევა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ომიც უკრაინაში. ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს დაასრულოს ეს უმძიმესი ომი, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს ამას. შესაძლოა ტერიტორიების საკითხი იქცეს ვაჭრობის საგნად. მოლოდინია, რომ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს და ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება. ისევ სამხრეთ კავკასიას რომ დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, გეოპოლიტიკურადაც და მსოფლმხედველობრივადაც ჩვენი რეგიონით დაინტერესება სრულიად განსხვავებულია…

საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის შეცდომები აქამდეც დაუშვია, თუნდაც ირანის დღევანდელ მდგომარეობაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერის არასწორი პოლიტიკის შედეგად, როდესაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ მათ ალტერნატიული ნავთობის წყარო შექმნეს ირანის სახით და გაამაგრეს ეს სახელმწიფო ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერეს. შეცდომა დაუშვეს ავღანეთში, ჩინეთში, რომლის ეკონომიკური აღორძინებაც ამერიკის პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიციები გასული საუკუნის მიწურულს, რასაც ჩინეთის დღევანდელი ტექნოლოგიური აღმავლობა უკავშირდება. ამ ქვეყანას ქმნიდნენ როგორც საბჭოთა კავშირის შემაკავებელს, მაგრამ დღეს აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ, საფრთხედ იქცა ჩინეთი… რაც შეეხება ანაკლიას, კი შემოიყვანეს ჩინური კომპანია, მაგრამ მასთან გაფორმებული კონტრაქტი დღემდე არ იძებნება ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, არც არაფერი ხდება პროექტის განხორციელების მხრივ. ჩემი აზრით, ივანიშვილი იტოვებს ამას როგორც სავაჭრო ერთეულს, მაგრამ ამასობაში ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, რომ ვფიქრობ, ამერიკამ ინტერესი დაკარგა. შესაბამისად, ანაკლია სავაჭრო აქტივად როგორ გამოადგება ივანიშვილს, არ ვიცი.

კი, ათასობით ხალხი ესწრება ინაუგურაციას, მაგრამ იქ არის სპეციალური ლოჟა საპატიო სტუმრებისთვის და სწორედ იქ იქნება სალომე ზურაბიშვილი სხვა უმაღლეს ლიდერებთან ერთად. დააკვირდით, რა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა პირადად. როგორც წესი, ამის დაგეგმვა არცთუ ადვილია ხოლმე. აბა, წავიდეს კობახიძე და შეხვდეს… აშშ-ს სჭირდება დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორი ქვეყანაში და ამერიკელებმაც, როგორც დანარჩენმა თავისუფალმა მსოფლიომ, გადაწყვიტეს, რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი. როგორც აქამდეც მითქვამს, მიხეილ ყაველაშვილს არავინ ცნობს, დუშანბეში თუ წავა ვიზიტით, მეტი ვერსად. სალომე ზურაბიშვილს კი ისე იღებენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. ის ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, მშვიდობიანს, ლაპარაკობს ვადამდელ არჩევნებზე და, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევს. რაც შეეხება ხელისუფლების ძალადობას, გამოდის, ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიიდან. ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებენ, როგორსაც 2007-2008 წლებში და მერეც იყენებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ასეთივე ბოროტებით ებრძოდა ისიც თავის ოპონენტებს და როგორც დაასრულა, კი ვნახეთ…

ნიუტონის კანონი ვრცელდება საზოგადოებაზეც – ქმედება უკუქმედების ტოლია, რა სიხისტითაც იძალადებს ხელისუფლება საზოგადოებაზე, იმავე და უფრო ხისტ პასუხს მიიღებს. 30 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ. ხალხს ზეწოლა არ აშინებს, ამით უფრო მეტად ბრაზდება. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. იქ სხვა ვითარებაა, სულ სხვა მენტალიტეტისა და მისწრაფებების ხალხი ცხოვრობს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს დამარცხებული ადამიანის პოლიტიკაა… დიდი ბრიტანეთის სანქციები იქნება ყველაზე ქმედითი ბერკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აი, რატომ – ტრადიციულად, ლონდონის ბირჟა მსოფლიო გლობალიზებული ეკონომიკის ძირითადი ინსტრუმენტია, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოდან წამოსული ფულის ნაკადები. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი სწორედ ამ ბირჟასთან არის დაკავშირებული. თუ ეს გზა გადაეჭრება, თან ისე, რომ მოხდება ყველა მასთან დაკავშირებული კომპანიის იდენტიფიცირება, მაშინ ის დარჩება ეკონომიკური ბერკეტის გარეშე, დარჩება ერთგვარ ვაკუუმში. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან, რასაც “ოცნების” წერილიც მოწმობს, რაც, თავის მხრივ, მორიგი ბოდვაა გლობალურ ომის პარტიაზე. როდესაც კანონის აღსრულებას შეეხება საქმე, ორმაგი სტანდარტი იყო და არის ჩვენი ხელისუფლებების პრობლემა. პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტებზე, და ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ვითომდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ამგვარი მიდგომებით საკუთარ მხარდამჭერებსაც აეჭვებენ. ის იმედი, რასაც ამყარებდნენ “ქართულ ოცნებაზე”, ხალხს საპნის ბუშტივით ხელში უქრება. როგორც წესი, ბევრი მხარს ძლიერს უჭერს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ეს ძლიერი იშლება, მხარდაჭერაც ქრება. “ქართული ოცნების” იდეური მხარდამჭერია, ალბათ, 1%, დანარჩენი ამორფული მასაა, რომელსაც არა აქვს არანაირი მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. თუ არადა, უმძიმესი წლები გველის, რომლის შედეგადაც შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ”, – აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები