“ჩვენთვის დამაიმედებელია დონალდ ტრამპის განცხადებები, ვემთხვევით პოზიციებში და ეს გვიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული წნეხი უნდა შესუსტდეს” – მდინარაძე
“ჩვენთვის ყველაზე დამაიმედებელია დონალდ ტრამპის ის განცხადებები, რომელიც მან გაახმოვანა ამერიკის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ოჯახურ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული და დაამთავრებს ომს უკრაინაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „დიფ სთეითის“ დამარცხება ქართულ ეროვნულ ინტერესებში ჯდება.
„ეს სამივე მიდგომა ჩვენ ძალიან გვაწყობს, რადგან „დიფ სთეითი“ ებრძოდა საქართველოს ამდენი ხნის განმავლობაში. დღეს რომ ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად და იმიტომ, რომ „დიფ სთეითი“ ამხილა, ამისთვის დასჯის მიზნით მეორე შვეიცარიულ ბანკს უდიდეს რეპუტაციულ ზიანს აყენებენ, ესეც „დიფ სთეითის“ „ღვაწლია“. „დიფ სთეითის“ დამარცხება ჩვენს ქართულ ეროვნულ ინტერესებში ჯდება. აქ ვემთხვევით ჩვენ პოზიციებში ბატონ ტრამპს. როდესაც ომის დამთავრებაზეა საუბარი, ბუნებრივია, თუ გაქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ეს მავნებლური მიზანი, საქართველოს მიმართ, სულ მცირე, წნეხი შემცირდება.
ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ და გვეჭიდავებოდნენ, თუმცა ამას კულისებიდან უფრო ახერხებდნენ და შემდეგ ღიადაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერი, სადაც მოგვთხოვეს გამჭვირვალობის კანონთან ერთად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმება. ტრამპის მიდგომაც ისეთია, რომ ის იცავს ოჯახურ ღირებულებებს. აქაც ჩვენი პოზიციები აბსოლუტურად ემთხვევა. ამ სამ მთავარ მიდგომაში ჩვენი პოზიციები თუ ემთხვევა, ბუნებრივია, ეს გვიჩენს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს მიმართ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, გარკვეული წნეხი უნდა შესუსტდეს.
ჩვენი ოპონენტები ახლა დადიან, ბილეთებს იძენენ, ამბობენ, რომ ბილეთების შეძენა არ ხდება, არადა საჯარო სივრცეებში ვნახეთ ბილეთების გაყიდვის ჩვეულებრივი პრეცედენტი, რაც აქამდეც ხდებოდა. ისინი 1 200 დოლარად ცდილობენ, ვიღაცას თავი მოაჩვენონ, თითქოს ტრამპმა მიიწვია. მეტი საქმე არ ჰქონდა ახლა იმ ხალხს, სულ იმაზე ფიქრობდნენ, ვაშაძე და ხაზარაძე როგორ მიეწვიათ ტრამპის ინაუგურაცაიზე. ფოტოებს თუ დადებენ, ცუდი არ იქნება, რა პოზიციაზე და რომელ ლოჟებში ისხდებიან ისინი. ამას არ აქვს მნიშვნელობა. სულ რომ ასე იყოს, მათი დამოკიდებულება და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება, არ ემთხვევა ერთმანეთს. ემთხვევა ჩვენი და ამერიკელი ხალხის არჩევანის დამოკიდებულებები და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.