პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, პატიმრობა შეეფარდა
პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი გუშინ, 6 ივნისს, დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.