ვანო მაჭავარიანი: პრეზიდენტს საერთაშორისო არენაზე აქტიურობის საშუალება არ ეძლევა

  საგარეო უწყება დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო არენაზე აქტიურობის საშუალება არ ეძლევა, – აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე წასვლის სურვილი გამოთქვა. პრეზიდენტმა მისი ამერიკაში ვიზიტის ორგანიზება საკუთარ მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს დაავალა, მან კი ვიზიტის დაგეგმვის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
“ჩემი წამოსვლის შემდეგ ჩვენ ასეთი კონსულტაცია არ გვქონია. ჩვენ ვსაუბრობდით იმ ფარგლებში, როცა თენგიზ ფხალაძე მუშაობდა ადმინისტრაციაში, როგორც მოწვეული კონსულტანტი. პრეზიდენტის მრჩეველსა და მოწვეულ კონსულტანტს შორის ეს საუბრები იყო. ჩვენ ერთობლივად ვფიქრობდით, როგორ და რა გაგვეკეთებინა. შემდგომში ჩვენ, რა თქმა უნდა, შევხვდით ერთმანეთს, მეგობრები ვართ, მაგრამ ასეთი კონკრეტული ლაპარაკი, გარდა ზოგადი საუბრებისა, არ მახსენდება”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილი იყო და არის, რომ ჩართული იყოს საქართველო-აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებში და ამაზე მრჩევლად მუშაობის პერიოდში, მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად, რომელთა შორის, პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველი თენგიზ ფხალაძეც იყო, აქტიურად მუშაობდა. “ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი, თუ როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ჩართული აშშ-სთან ურთიერთობაში. ეს ფხალაძესაც აქვს დავალებული, მაგრამ რაც არ უნდა შეეცადოს, თუ არ იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა, გაუჭირდება ნებისმიერი ამ ვიზიტის დაგეგმვა ერთი შემთხვევის გარდა, რაც მოხდა უელსის სამიტთან დაკავშირებით – მომწვევმა მხარემ მოინდომა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო წარმოდგენილი”, – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები