ირაკლი ბერაია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში სტუმრად მყოფ, დუშეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში პარლამენტის როლზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, პარლამენტი როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო მექანიზმებით განსაზღვრავს და შეიმუშავებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება.
ირაკლი ბერაიამ მოსწავლეებთან საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის წევრებთან და საქართველოს მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, როგორიც არის არაღიარების პოლიტიკა, მშვიდობიანი გზით ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სტრატეგიული და პარტნიორი სახელმწიფოების დეპუტაციასთან მუდმივ კოორდინაციაშია.

ირაკლი ბერაიამ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე გაამახვილა. უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერაზე და იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა გამოხატავს.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციებმა საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე არაერთ რეზოლუციას და დეკლარაციას დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მოსწავლე-ახალგაზრდობას სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა და საპარლამენტო საქმიანობის გაცნობის მიზნით გამოხატული ინტერესისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულ, კომიტეტის თავმჯდომარემ დუშეთის N1 საჯარო სკოლას სახსოვრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა და მოსწავლე-ახალგაზრდობას სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

სკოლის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრას სკოლის პედაგოგები და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ესტატიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები