გიორგი მარგველაშვილი: ნატოს სამიტზე უაღრესად დარწმუნებულები მივდივართ

ჩვენ ვუყურებთ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა და ნატოს სამიტზე მივდივართ უაღრესად დარწმუნებულები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მოამბეს” განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო უელსის სამიტისგან ელოდება ადეკვატურ რეაგირებას იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით და ჩვენი ქვეყნის გარეთ. ის, რომ სამიტიდან საქართველო გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს ელოდება, მარგველაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტულ მომენტში ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდებით. “ის, რომ ამ ეტაპზე არ არის MAP-ზე საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწევრიანება დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჩვენ მივდივართ ამ სამიტზე დიდი გაწული სამუშაოს ფონზე, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად ალიანსი- ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შედგება ბევრი სამხედრო მოთამაშისგან და რომლის წინაშეც დგას კონკრეტული პოლიტიკური გეოპოლიტიკური ამოცანები და სურთულეები”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სამიტის შემდეგ საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოება უნდა ამაღლდეს, ეს არ გულისხმობს, მხოლოდ გაწევრიანების მექანიზმებს, MAP-ი არის გაწევრიანების საშუალება. “MAP-მდე და MAP-ის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მეტი უსაფრთხოების გარანტიები, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის შემდეგ იქნება უფრო დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები