მიხეილ სააკაშვილი სარფში “ნაცმოძრაობის” ლიდერებს ხვდება (ფოტოკოლაჟი)
ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარფის საბაჟოზე ,,ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წევრებს ხვდება. ამის ამსახველ ფოტომასალას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ფეისბუქზე ავრცელებენ.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე წუთით ადრე დაანონსეს. როგორც „კვირას“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, ექსპრეზიდენტთან შეხვედრას პარტიის 10-მდე წევრი, მათ შორის ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზაზა ბიბილაშვილი და გოგა ხაჩიძე დაესწრებიან. გიორგი ვაშაძემ შეხვედრის ადგილი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოში დღესვე დაბრუნდებიან.
“შეხვედრაზე ბევრ საკითხს განვიხილავთ – რა ხდება საქართველოში, რა ხდება უკრაინაში. საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია სერიოზულად იცვლება, რა პოზიცია აქვს საქართველოს ამ ვითარებაში. ასევე განვიხილავთ უკრაინის მოვლენებს და ა.შ… ასევე ვიმსჯელებთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს უკრაინასთან მიმართებაში. დღეს უკრაინაში ხდება ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა. ამიტომ საქართველოს სწორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.