გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე – ბაჩა მგელაძე
“ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მგელაძემ აღნიშნა, „საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს“.
„აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფებმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა გუშინ, 5 მაისს”, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ .
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული პირი ან ახლა, სად იმყოფება? – ბაჩა მგელაძე აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს. მისივე თქმით, საქმე არის ძალიან მასშტაბური და შესაბამისად, გამოძიებაში ჩართულნი არიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.