სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. გამოძიება მას 7-9 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავება.
დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.