ქართველი დეპუტატების წერილი ამერიკელ სენატორებს – რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ

ევროპული გამოცემა neurope.eu ოთხი ამერიკელი სენატორის მიმართ ქართველი დეპუტატების გიორგი ჟვანიას, ვალერი გელაშვილის და კობა დავითაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.საქართველოს პარლამენტის წევრები წერილით ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ჯეიმს რიშს, მარკო რუბიოს და ჯინ შაჰინს მიმართავენ.
ქართველი დეპუტატები სენატორებს საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით მათ შეშფოთებას ეხმაურებიან, რადგან თავს სწორედ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევენ.
„თქვენი შეშფოთება ექსპრეზიდენტის ბრალდებულად ცნობასთან დაკავშირებით გამყარებული გაქვთ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ციტატით – შეფასებით, რაც, ჩვენი აზრით, სრულიად მიუღებელია,რადგან საქართველოში ბატონი ბილდტის ავტორიტეტი დისკრედიტირებულია“,- აღნიშნავენ პარლამენტის წევრები.
ისინი აცხადებენ, რომ საბჭოთა რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგის, რეჟისორისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, კარლ ბილდტი ჩართულია კორუფციულ სქემაში, რადგან მისი თქმით, სავარაუდოდ ბილდტია იმ თანხების გამანაწილებელი, რომლითაც სააკაშვილი აფინანსებდა ლობისტებს.
„შვედური გაზეთის კითხვაზე – აქვს თუ არა სააკაშვილთან ურთიერთობები”, – ბილდტმა უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა ბრიუსელში მისი კომპანიის წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ კომპანია ემსახურებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად მიხეილ სააკაშვილს, რითაც კარლ ბილდტი ტყუილში ამხილა“,- ნათქვამია წერილში.
საქართველოს პარლამენტის წევრები მწუხარებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ამერიკელი სენატორები ეყრდნობიან არა საყოველთაოდ აღიარებული უფლებადამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატის და ევროკავშირის თვალსაჩინო წამომადგენლის თომას ჰამარბერგის, არამედ სააკაშვილის პირადი მეგობრის კარლ ბილდტის შეფასებებს.
„ბატონი ჰამარბერგი სწორედ ამ მისიით გამოაგზავნა ევროკავშირმა. იგი ადგილზე გაეცნო ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით საქართველოში მიმდინარე ურთულეს პროცესებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ უმძიმეს მემკვიდრეობად ერგო ჩვენს ხელისუფლებას.
ბატონმა ჰამარბერგმა თავად შეისწავლა ფაქტები და მოგვცა რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება დიდი გულისყურით ეკიდება და ითვალისწინებს. კარლ ბილდტის განცხადებები ასევე რადიკალურად ეწინააღმდეგება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ,რომელშიც კომიტეტი ითხოვს დაუყოვნებლივ და უსწრაფესად იქნეს გამოძიებული სააკაშვილის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები“, – აღნიშნულია ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში.
მიმართვაში დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პროკურატურაში შეტანილი ათასობით საჩივრის შესახებაც საუბრობენ და ასევე აღწერენ პირად ისტორიებს, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ყოფილი ხელისუფლების მსხვერპლი.
„მე ვარ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა. ჩემი ძმის ბუნდოვანებით მოცულ სიკვდილს იმედი მაქვს, სულ მალე აეხდება ფარდა. ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მე, სამართლიანი გამოძიების თხოვნით, პირადად მივმართე მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს. პასუხად კი მტკიცებულებების გაყალბების მცდელობა მივიღე“, – წერს გიორგი ჟვანია.
ვალერი გელაშვილი კი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მას, როდესაც იგი პარლამენტის წევრი იყო, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, მისივე დავალებით დღისით, ყველას თვალწინ სასტიკად გაუსწორდა შეიარაღებული, ნიღბიანი სპეცრაზმი, შემდეგ კი უკანონოდ მოუხსნედ დეპუტატის იმუნიტეტი და პარლამენტიდან გააძევეს.
„მე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიის მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო სააკაშვილის დავალებით გამიტაცეს, სასტიკად მცემეს და სიკვდილის პირას მისული სამხედრო ჰოსპიტალში გადამმალეს. შემდეგ თავად დაყარეს ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ. რომ არა ქართული საზოგადოების ძალისხმევა, სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი“,- წერს კობა დავითაშვილი.
„ჩვენს ქვეყანაში ასეთი ისტორია ათასობით შეიძლება მოიძიო. და ასეთ პირობებში, თქვენ მოგვიწოდებთ, რომ თავი დავანებოთ წარსულს და გავიხედოთ წინ. შესანიშნავი რჩევაა, მაგრამ გვინდა დავსვათ კითხვა – რა ვქნათ, დავხუჭოთ თვალი სააკაშვილისა და მისი მაღალჩინოსნების დანაშაულებზე, მივყვეთ კარლ ბილდტის რჩევას და ამით კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი დაუსჯელობას? თუ გავითვალისწინოთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნები და დაუყოვნებლივ და უსწრაფესად გამოვიძიოთ სააკაშვილის პერიოდში ჩადენილი დანაშაულობანი და ამით ქართულ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები? ან კი როგორ უნდა ჩავერიოთ დამოუკიდებელი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეში – ვუკარნახოთ მათ, რომელი საქმე გამოიძიონ და რომელი – არა?“,- აღნიშნავენ დეპუტატები.
მათი თქმით, არც ერთ ხელისუფალს აღარ უნდა გაუჩნდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სურვილი და ყველა შემდეგმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხს აგებს კანონის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები