ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ლიეტუვის და საქართველოს სახელმწიფო დროშებს.

სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში: „ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა.

ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღრმა მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ორ დიდ ერს ერთმანეთთან აკავშირებს.

მსურს, ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მადლიერება გამოვხატო ლიეტუვას მიმართ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება ჩვენი ძლიერი პარტნიორობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები