”სომხეთში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა ურთიერთობამ” – გიორგი შარვაშიძე
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგასთან, სომხეთის პრეზიდენტთან, ბატონ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები იქნება ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან, მინისტრებთან”, – ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩი, გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რითაც სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკია.
“რაც შეეხება მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რამე თუ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა ურთიერთობამ.
შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და საქართველოს შორის, დაიდო მემორანდუმი. ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. საქართველოს კულტურის დღეები გაიმართება ცოტა ხანში სომხეთში და ბევრი რამ არის დაწყებული, მათ შორის არის სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც გამოვიდა საქართველო, მშვიდობიანი კავკასიის იდეით და ბევრი საკითხია, რომელიც საინტერესოა და წარმოადგენს ინტერესს მთელი რეგიონისთვის, არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთისთვის“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.