კახა თარგამაძე: რაში მჭირდება თქვენი მოქალაქეობა?
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარის გასაჩივრებას არ აპირებს. როგორც თარგამაძე გაზეთ “პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, ის რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას არ აპირებდა, მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვდა. “პრაქტიკულად უაზრობაა გასაჩივრება, რადგან ჯერ ერთი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გავასაჩივრო, რადგან მართლა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, მაგრამ, რომც გავასაჩივრო შეიძლება მართლაც გააუქმოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება. აბა, თვითონ ხომ ვერ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას?ეს პრაქტიკულად იურიდიული ნონსენსია. მე მოვითხოვე ორმაგი მოქალაქეობა, მეტია რაფერი. მე არ ვტოვებდი რუსეთის მოქალაქეობას. რატომ უნდა დავტოვო. მე საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას არ ვაპირებდი“, -განაცხადა კახა თარგამაძემ. თარგამაძის თქმითვე, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არც სტრასბურგის სასამართლოში არ გეგმავს.
“მეტი საქმე არ მაქვს, იმდენი პატივი დავდო საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, რომ სტრასბურგში ვირბინო მათ გამო. რა ჯანდაბას მინდა მაგათი მოქალაქეობ. არაფერში მჭირდება. არაფერს გავაკეთებ სამშობლოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად. ნამდვილად არ მინდა ისეთი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც ასეთი პრეზიდენტი ჰყავს, არაფერი, რომ არ ესმის, რაში მჭირდება თქვენი მოქალაქეობა, მშვიდობაში მოიხმარონ“, -აცხადებს კახა თარგამაძე. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა. მას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარი უთხრა.