ელოდება თუ არა მარგველაშვილს იმპიჩმენტი

“მარგველაშვილმა, რომელსაც ხალხი არც მეტი, არც ნაკლები, ყოფილი პრემიერის თხოვნით ენდო, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გოგონა შეიწყალა, რომელმაც ქმარი სამზარეულოს დანით მოკლა”, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.
„მარგველაშვილის კარიერაში არის ერთი შავი ლაქა, რომლის ჩამორეცხვაც პრეზიდენტს გაუჭირდება, ეს უკვე მის ოჯახს და ახლობლებს უკავშირდება, რაც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა. დღიდან მისი გაპრეზიდენტებისა სოციალური მედია აქტიურად წერს, რომ პრეზიდენტი ოჯახურ ინტერესებს ლობირებს, საქმე ეხება მაკა ჩიჩუას ნახევარძმის, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ მგალობლიშვილის შეწყალებას, რომელსაც ხელი სწორედ მარგველაშვილმა მოაწერა.
“პრესა.ჯის” ჟურნალისტი ეკა ირემაშვილი, ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერს, რომ “მარგველაშვილმა განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული 4 პირი შეიწყალა”.
ამონარიდს ეკა ირემაშვილის სტატიიდან, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ. “ლობირებს თუ არა, ივანიშვილის მიერ აღებული და პრეზიდენტის სკამზე დადებული მარგველაშვილი, თავის ოჯახურ ინტერესებს?
„პრესა.ჯი“-მ ექსკლუზიურად, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტები იმის შესახებ თუ როგორ მფარველობს გიორგი მარგველაშვილი მისი მეგობარი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას მსჯავრდებულ ახლობლებს.
მაგალითად: მარგველაშვილმა ციხიდან გაათავისუფლა მაკა ჩიჩუას ნახევარძმა, მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ჯგუფულად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიუსაჯეს. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაკა ჩიჩუას ძმა, მანამდე ორჯერ იყო გასამართლებული – ნარკოტიკების მოხმარებისათვის, ხოლო ბოლო დანაშაული მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელებული მასობრივი შეწყალებით, მაკა ჩიჩუას ძმას მხოლოდ სასჯელის მეოთხედი შეუმცირდა.
თუმცა, მარგველაშვილის წყალობით ის დღეს თავისუფალია. საზოგადოებას არ აქვს პასუხი კითხვაზე: როგორ დატოვა მიხეილ მგალობლიშვილმა ციხე 2013 წელს მაშინ, როცა მას მინიმუმ კიდევ 10 წელი ჰქონდა მოსახდელი და რატომ გამოაშვებინა ციხიდან პრეზიდენტმა მაკა ჩიჩუას ოჯახის წევრი? შეწყალების კომისიის წევრები ამ საკითხზე არ ან ვერ საუბრობენ. „პრესა.ჯი“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა თუმცა, ერთმა „მიხეილ მგალობლიშვილის საქმე ვერ გაიხსანა“, მეორეს „წარმოდგენა არ ჰქონდა რომ მგალობლიშვილი მაკა ჩიჩუას ძმაა“, ხოლო მესამემ საერთოდ არ ისურვა კომენტარის გაკეთება. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მიუხედავად კონკრეტული მტკიცებულებების, ფაქტების, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩანების გამოქვეყნებისა, პრეზიდენტის მიერ მაკა ჩიჩუას სამჯერ გასამართლებული ძმის ციხიდან გათავისუფლების შესახებ, ქართული ტელეკომპანიები არ დაინტერესდნენ”, – წერს “პრესა.ჯი”.
მეფის ინსტიტუტი გადავარდა, თუმცა მეფური უფლებები პრეზიდენტებმა დაიტოვეს. ერთ-ერთი ასეთი უფლება ამნისტიისა და შეწყალების უფლებაა. სხვადასხვა დროს პრეზიდენტებს სხვადასხვა დანაშაულებში მსჯავრდადებულები ჰყავთ შეწყალებული. ამ საკითხს ისინი დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, რადგანაც ხშირად სკანდალებში ეხვევიან, ან საქმე იმპიჩმენტამდეც კი მიდის. ერთი თვის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია რუმინეთის პრეზიდენტი, რომლის ძმაც სამართალდამცველებმა სერიოზული ბრალდებით დააკავეს. თავად პრეზიდენტს კი გადადგომისკენ მოუწოდეს. პრეზიდენტის ძმას პროკურორისა და მოსამართლის მოსყიდვას ედავებიან. მას გამიზნული ჰქონდა ერთ-ერთი კრიმინალის განთავისუფლება, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ციხეში იჯდა. ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და საქმე კორუფციის მუხლით აღიძრა.
რუმინეთის პრეზიდენტს ევროკავშირმა შეახსენა, რომ ის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთი სკანდალის შემდეგ უნდა გადადგეს…
ეს მაგალითი ნათლად უჩვენებს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მეფისგან მემკვიდრეობით მიღებულ უფლებას პრეზიდენტები. ეს მათ იმიჯზე სერიოზულად მოქმედებს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი არც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტია და როგორც ჩანს, არც თავად გრძნობს თავს „მაშასადამე ევროპელად“. ამიტომაც თავს უფლებას აძლევს, ისეთი მსჯავრდადებულებიც შეიწყალოს, ვინც განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის გასამართლებული. ასეთი სკანდალური აქტი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტს თუ არ ჩავთლით, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილიც დასავლეთშია. მაგალითისთვის: 2000 წლიდან მოყოლებული პუტინმა 2680 მსჯავრდადებული შეიწყალა, რომელსაც განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
პრეზიდენტ მარგველაშვილის მაგივრად, განმარტება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გააკეთა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მსგავსი კომისია საბჭოთა გადმონაშთია და ის მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში გვხვდება. ასე რომ, მარგველაშვილის ადმინისტრაციის შენობა და რემონტი ევროსტანდარტებს კი აკმაყოფილებს, მაგრამ საბჭოთა მეთოდებით მართავს. ამიტომაც შეუძლია საბჭოთა მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებებიც მიიღოს, შეიძლება რუმინეთის მსგავსად კორუფციასთან გვქონდეს საქმე, სხვა ვერსიების გამოთქმაც შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიებია.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ზვიად ქორიძის განმარტება ასეთია: – შეწყალების კომისია იხილავს საქმეებს და გამოაქვს რეკომენდაცია პრეზიდენტისთვის, რომ დამნაშავეები შეიწყალოს. ბუნებრივია, დამნაშავეთა რიგებში არიან განზრახ მკვლელობის სასტიკი მუხლით გასამართლებული ადამიანები. ამ ადამიანებს, ისევე როგორც სხვა დამნაშავეებს აქვთ უფლება, შეწყალებაზე განცხადება დაწერონ. ჩვენ ამ განცხადებებს ვიხილავთ. 31 ივლისს 4 მსჯავრდადებული შეიწყალა პრეზიდენტმა, რომელიც განზრახ მკვლელობის მუხლით იყო მსჯავრდადებული. აქედან ორს გაუნახევრა სასჯელი, ორი გაათავისუფლა დაწესებულებიდან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხიდან სამი დანაშაული არასრულწლოვნების დროს არის ჩადენილი. ისიც უნდა იცოდეს, რომ სამი დანაშაული არის ოჯახური ძალადობის შედეგი.
იმიტომ რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მარგველაშვილს მშვიდად შეუძლია, შეიწყალოს საკუთარი ოჯახის წევრებიც, თანაც ისე, რომ ამ საკითხზე არანაირი განმარტება არ გააკეთოს. სხვათა შორის, შესაძლოა, ამიტომაც ასაიდუმლოებენ შეწყალებულების სიას. გაურკვეველია, რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული ამ ადამიანების ვინაობა. თუმცა საბჭოთა მიდგომა და მენტალიტეტი მაინც თავის კვალს ტოვებს.
მიუხედავად დიდი კონსპირაციისა, საზოგადოებაში მაინც ხმაურდება იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც მიუხედავად მძიმე დანაშაულისა პრეზდენტის შეწყალება მიიღეს. ერთ-ერთ მათგანზე მომზადებულ მასალას, ჩვენ ამავე ნომერში შემოგთავაზებთ, საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომელმაც ქმარი სამზარეულოს დანით მოკლა, დღეს კი შეწყალებულია“, – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები