შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ვლადიმირ ორლიჩს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითად შეფასდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობაზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ სერბეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დაიწყო ორმხრივი დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე და ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შალვა პაპუაშვილთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ბექა ოდიშარია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ვაფასებთ სერბეთის მზაობასა და სურვილს, გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესებზე. ვინაიდან სერბეთი უკვე ათწლეულია ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულად ღირებულია ამ გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე გამოვხატეთ საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს. გვჯერა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო და სერბეთის რესპუბლიკა ასევე გააგრძელებენ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა ვლადიმირ ორლიჩმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურებაა. მისივე თქმით, სერბეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს.

„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი”,-განაცხადა ვლადიმირ ორლიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები