სანტურიანი – პრეზიდენტის არჩევნებზე: კენჭისყრა დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათზე – საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურიც იმავე დღეს გაიმართება
“14 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კენჭისყრა დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 14:00-ზე”, – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„პროცედურები რაღაც ნაწილში მსგავსია, როგორც ეს სხვა ტიპის არჩევნების შემთხვევაში გვაქვს. მაგალითად, კოლეგიის წევრები გაივლიან რეგისტრაციას, მიიღებენ ბიულეტენს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ შემთხვევაში არ არის ფარული კენჭისყრა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ღია კენჭისყრის წარმართვას, იქნება შესაბამისი საარჩევნო ყუთები და დაითვლება ადგილზევე შესაბამისი შედეგები. გამარჯვებული იქმნება ის კანდიდატი, რომელიც სრული შემადგენლობის მინიმუმ 200 კოლეგიის ხმას დააგროვებს.
მეორე ტურში, სრული შემადგენლობის უმრავლესობა არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს შესაბამისმა კანდიდატმა. გასაჩივრების შემთხვევაში, საბოლოოდ შედგება ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრება დადგენილი, ზოგადი პროცედურის თანახმად შესაძლებელია სასამართლოში“, – განაცხადა სანტურიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს.