შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილის, ჯუნა ბერნარდის თქმით, ლუქსემბურგი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რისი ნათელი გამოვლინებაა ლუქსემბურგის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ივ კრაჩენმა დააფიქსირა ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში, რაც აისახა ლუქსემბურგის პარლამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მიმდინარე თვეს მიიღებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს მართლმსაჯულების რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, რის შემდეგაც გაგრძელდება საპარლამენტო დისკუსიები აღნიშნულ საკითხებზე.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები