საქართველოში 3 ტონამდე ჰეროინის შემოტანისთვის აზერბაიჯანულმა მხარემ 10 პირი დააკავა
საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტზე, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11 ივლისს გამოავლინეს, აზერბაიჯანში მასშტაბური გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო MINVAL.AZ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საქმეს, როგორ და ვისი დახმარებით მოხვდა 3 ტონამდე ჰერონი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანის სახელმწიფო იძიებს, დეტალები კი გასაიდუმლოებულია. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნარკოტრეფიკის ბრალდებით 10 პირი უკვე დაკავებულია. გზებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა სატვირთო ავტომობილის გადაადგილების სქემა, გაშიფრულია სატელეფონო საუბრებიც.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტიდან თვეზე მეტი გავიდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ამ დრომდე არ გაუკეთებია ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა საზღვარზე 3 ტონა ჰეროინის გადატანა. ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ გავრცელდა ცნობა, იმის შესახებ, რომ 3 ტონა ჰეროინი საქართველოში სომხეთიდან მოხვდა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორომ ინფორმაცია უარყო და ოფიციალურად განაცხადა, რომ ტვირთი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, სააგენტო MINVAL.AZ წერს, რომ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო საქართველოში ჰეროინის დიდი ოდენობით ტვირთის (ღირებულება 150 მილიონი დოლარი) დაკავების ოპერაციის შესახებ და სწორედ ამ ოპერაციის ფარგლებში მოხდა ტვირთის გატარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ.
„გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინის შეტანის და ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ. უფრო მეტიც, ითქვა ისიც, რომ საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო და სწორედ ამ ოპერაციის ფარგლებში მოხდა ტვირთის გატარება. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არც ქართულ მედიაში გავრცელებულა და არც საქართველოს შსს-ს განუცხადებია ოფიციალურად“, – წერს სააგენტო.
MINVAL.AZ-ს სტატიაში აზერბაიჯანული გაზეთის „აზადლიგის“ მიერ გავრცელებული მასალების შესახებაც წერს. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, 3 ტონამდე ჰეროინის საქართველოს საზღვარზე დაკავება ამერიკის სპეცსამსახურებისა და ქართველი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად განხორციელდა. მათივე ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურებმა შეძლეს ვიდეოს გადაღებაც, თუ როგორ გადაადგილდებოდა სატვირთო ავტომანქანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
„ბოლო მონაცემებით, საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე ეჭვმიტანილი, დაკავებულია ათამდე პირი. გზებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა სატვირთო ავტომობილის გადაადგილების სქემა, გაშიფრულია ასევე სატელეფონო საუბრები. საბაჟო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსებული ტვირთი შეფასებული იყო მხოლოდ 5 000 დოლარად, საბაჟო გადასახადმა კი შეადგინა 8 000 დოლარი“, – წერს გამოცემა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და საბაჟო კომიტეტის წევრები აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად მივლინებულნი არიან საქართველოში. გამოძიება საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს, ამიტომ დაკავებულთა შესახებ არანაირი ინფრომაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად 11 ივლისს საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.