შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით შეხვედრის განხილვის მთავარი თემები იყო.

შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა.

ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და იმ პროექტებს, რომლებიც, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით უზრუნველყოფს აზიის ევროპასთან დაკავშირებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ლევან იოსელიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები