„საქართველოს სხვადასხვა მონასტერსა და ტაძარში  დასვენებულია ჩემი სულის ყვავილები – ჩემი ხატები“…

დაიბადთბილისში, ხატვა  ბავშვობიდან ყვარდა,  შთაგონების წყარო მუსიკა. პროფესიით – ხატმწერია, ხოლო პორტრეტების ხატვის მხრივ – თვითნასწავლი მხატვარი. ხატავ თავისუფალ სტილით.  ფიქრობს, რომ ხელოვნებაა სწორედ ის, რაც ასაზრდოებს ადამიანების შინაგან ბედნიერ განწყობასა და ჰარმონია. – ხატმწერ თათია სხირტლაძის პერსონა.

თბილისში დაიბადეთ. გაიხსენეთ ბავშვობა, როცა პირველად დახატეთ…
– ბავშვობა როგორც ყველასთვის, ასევე – ჩემთვის დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება, მახსოვს, მიყვარდა გოგონების, ასევე „ბავშვური პეიზაჟების“ ხატვა, ვიგონებდი ზღაპრებს და შემდეგ ვხატავდი ჩემეული ზღაპრის  პერსონაჟებს, წარმოსახვაში მეგონა, რომ სხვანაირი სამყარო მქონდა – უფრო ფერადი, სადაც მხოლოდ ჩემი ნახატები ცოცხლდებოდნენ.
– პროფესიით ხატმწერი ხართ… რატომ  ხატწერა?
– მე მჯერა იმის, რომ ადამიანის ცხოვრებაში  ყველაფერი უფლის ნებაა და ხატწერასთან ჩემი გადაკვეთა სწორედ მისი მადლის წყალობით მოხდა, ვსწავლობდი და დავამთავრე საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხატწერის ფაკულტეტი, ანჩისხატის ტაძრის ეზოში, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები და ასევე – არაჩვეულებრივი კურსელები. იქ ადამიანი მხოლოდ ხატწერას არ სწავლობს, იქ სწავლობენ: სულიერებას, ადამიანობას, ერთმანეთის გვერდში დგომას და კარგ მეგობრობას.
–  თქვენი დაწერილი ხატებ  – ღვთისმშობელი და იესო, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა გიორგი, წმინდა სპირიდონი, წმინდა ნიკოლოზი… ეს ხომ უდიდეს სიწმინდესთან მიახლებაა? ალბათ მოუმზადებლად ვერც დაწერთ…
– ძირითადად, შეკვეთით ვწერ და ვხატავ, მაგრამ ასევე ვწერ,  როდესაც საკუთარი ძლიერი სურვილითა თუ ინტუიციით ვხვდები, რომელი ხატის დაწერა მსურს ძალიან, შემდეგ გავაჩუქებ ან ტაძარს ვწირავ ხოლმე. ხატის წერის პროცესში ბრძოლა გიწევს საკუთარ აზრებთან, გონებაგაფანტულობასთან, წარსულსა თუ მომავალზე ფიქრებთან, მაგრამ როდესაც იქმნება ხატი, გულში თავად უფალი გყავს,  რომელიც გაძლიერებს და თითქოს გესაუბრება საკუთარი გულიდან: ნუ აქცევ ყურადღებას ნურაფერს, მე შენთან ვარო.
– თქვენ რომელ ხატს გამოყოფდით და სად დაიდეს ბინა ამ ხატებმა? საინტერესოც გექნებათ გასახსენებელი…
– ჩემი დაწერილი ხატებიდან, იმდენად მიყვარს თითოეული მათგანი, ვერცერთს გამოვყოფ, მხოლოდ უფალმა იცის, რამხელა სიყვარულია მისდამი თითოეული ხატის შექმნისას. ხატის წერა წყალობაა, მაგრამ – დიდი ბრძოლაც, ბრძოლის დროს ლოცვა და სიმშვიდე ხატს სიმშვენიერეს მატებს.
საქართველოს სხვადასხვა მონასტერსა და ტაძარში  დასვენებულია ჩემი სულის ყვავილები – ჩემი ხატები.
მქონდა ასეთი შემთხვევა: დედაღვთისა რამდენჯერმე  თითქოს გამოცხადებასავით წამიერად სიზმრად ვიხილე. ეს ორ  დღეს გრძელდებოდა. მომდევნო  დღეს, ჩემდა გასაოცრად, გავიგე, რომ  ერთ-ერთ ხატს, რომელიც არაჩვეულებრივმა ქალბატონმა შემიკვეთა, დავწერე და ამჟამად განმუხურში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული, – ოჯახებში, სკოლებში დააბრძანებენ ხალხთან მოსალოცად. ეს იმდენად დიდი განცდა იყო, ჩემთვის ვიფიქრე, რომ ღვთისმშობელმა შეიწირა ხატი და სანაცვლოდ მადლი მაჩუქა.
–  ხატავთ პორტრეტებს… ალბათ გიადვილდებათ  ადამიანის ხასიათების ზუსტად გამოხატვა… ხატმწერი ხართ და ბუნებრივია.  შთაგონება თუ გჭირდებათ ხატვის დროს?
– პორტრეტებში ვარ თვითნასწავლი, ჩემეული ხედვით ვხატავ თავისუფალი სტილით. მიხარია, როდესაც შემკვეთს მოსწონს ნახატი, არის შემთხვევები, რომ ჰიპერრეალიზმს ითხოვენ. ასეთ სტილში არ ვხატავ. მყავს ბევრი მადლიერი შემკვეთი და მეც მადლიერი ვარ მათი დაფასებით.
რაც შეეხება შთაგონებას, ჩემთვის ეს მუსიკაა. ხელოვნების ორი ჟანრი უფრო ძლიერდება, როდესაც ერთი მეორეს ეხმარება, ხატვას მუსიკა აძლიერებს.
–  მშვენიერია პეიზაჟები, ფერების შეხამება… მრავლისმთქმელი ნახატები… თუნდაც „მზის სამეფო“ ან „მელოდია“ ანდა „გაზაფხული“, „კოსმიური ტრანსფორმაცია…  გვიამბეთ თავად…
– თითქოს ჩემი სამყაროდან გადმომყავს ჩემეული პერსონაჟები, ნებისმიერ ჩემს ნახატში დევს ფარული აზრი, რომელიც მიუთითებს სიბრძნესა და რწმენაზე, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს და ორივე სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის. ჩემს ნახატებში ფერებს სილუეტები ცვლის, განწყობას მუზები ქმნიან, მე ამ შემთხვევაში მხოლოდ შემსრულებელი ვარ. ვხატავ იმას, რასაც მიკარნახებს განწყობა, მუზა ან სიზმარი…
მოულოდნელი სიხარულის ხატი…
– მოულოდნელი სიხარულის ხატი შემიკვეთა უსაყვარლესმა, სიკეთით აღსავსე ქალბატონმა, მთხოვა, მე თვითონ ამერჩია, როგორ გამოვსახავდი ღვთისმშობლის ხატს, ოღონდ – კონკრეტული ფერების გამოყენებით. ეს ხატი ნამდვილად ისეთი გამოვიდა, როგორიც მსურდა, დედაღვთისას შემწეობას ცხადად ვგრძნობდი, ჩვენ იმდენად ახლოს გვყავს უფალიც და ღვთისმშობელიც, რომ ხანდახან უბრალოდ სიჩუმეში ლოცვაც კმარა, რომ ნებისმიერმა შეიგრძნოს ეს ღვთაებრივი სიახლოვე.
„უკრაინა“ – 26 მაისს დაგიხატავთ…
– იმდენად იმოქმედა ჩემზე ამ სასტიკმა ომმა, რომ, რა თქმა უნდა, დიდი პროტესტი გამიჩნდა და შევეცადე, გადმომეცა ჩემი განცდა: უკრაინის გადარჩენის ჩემეული ხედვა, რომ სულიერ სილამაზეს, სიყვარულს, ადამიანობას ვერავინ დაამარცხებს, რომ ომი  უდიდესი დანაშაულია უფლისა და კაცობრიობის წინაშე, რომ თაობები არ უნდა ეწირებოდნენ ერთეულების მიერ მართულ ომებს…
მინდა ვუთხრა იმ ჯარისკაცებს, ვინც უმოწყალოდ უსწორდება ადამიანებს: ჩახედეთ საკუთარ შვილებს, დედებს, მამებს თვალებში და თქვენ ვეღარ შეძლებთ სხვისი შვილების, დედებისა და ოჯახის წევრების ხოცავს… რაც მტრობას დაუნგრევია, მხოლოდ უფლის სიყვარულს უშენებია… დაუბრუნდით უფალს…
– თქვენი გვერდის დამთვალიერებელთათვის ერთხანს გათამაშება წამოიწყეთ… რა მიზანი ჰქონდა?
– გათამაშება კარგა ხანია არ დამიგეგმავს, აუცილებლად დავიწყებ ისევ. გათამაშების მიზანია, ზოგადად, ჩემი ხატწერისა და ხატვის პირადი გვერდის ცნობადობის გაზრდა, ადამიანების შეფასებები.
– შობა – ახალი წელი მოდის… ალბათ ახალ განწყობას შემოიტანთ… რას დახატავთ?
– უკვე შემოვიტანე ჩემეული განწყობა და პატარა საახალწლო ნახატში გადმოვეცი. აუცილებლად გავაგრძელებ ხატვას საშობაო თემატიკაზე. ამ შავ-თეთრ სამყაროში მხოლოდ ახალი წელი და შობა უფერადებს ბავშვებსა თუ დიდებს განწყობას. ამიტომ შევეცადოთ ყველა მხატვარი, ჩვენი ნახატებით გავაფერადოთ სხვისი სამყაროებიც.
– ჰობი…
– მუსიკის თანხლებით ხატვა, ბუნებასთან, ტყესთან, მდინარესთან სიახლოვე, ამ დროს  განსაკუთრებით იგრძნობა ენერგიების მოზღვავება, საინტერესო შემეცნებითი გადაცემების ყურება და ჩემს შვილთან თამაში…
–  გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოფიციალურად გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა დიდი სურვილი მაქვს  და სამომავლოდაც ვგეგმავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები