პროფკავშირები დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ყრილობას გამართავს
12-13 დეკემბერს, პროფკავშირების გაერთიანება დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას გამართავს თემით: „გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები – მშვიდობა და მდგრადი განვითარება – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 30 წლისაა“.
პროფკავშირების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას 40-მდე საერთაშორისო სტუმარი, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმებულთა ბიუროს დირექტორი – მარია ჰელენა ანდრე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
“გაიმართება ფილმის – „საქართველოს პროფკავშირები 30 წლისაა“ ჩვენება, რის შემდეგაც, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებს.
პროფკავშირების საქმიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის და საუკეთესო სოციალური პარტნიორობისთვის, გაერთიანების თავმჯდომარე: პროფკავშირების ღვაწლმოსილ წევრებს, საუკეთესო სოციალურ პარტნიორ ორგანიზაციებს, საუკეთესო კოლექტიური ხელშეკრულების დამდებ ორგანიზაციას და მედია სფეროს წარმომადგენლებს – ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს დააჯილდოებს.
დღის მეორე ნახევარში გაიმართება ყრილობა და დამტკიცდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მიღებული იქნება მანიფესტი.
12 დეკემბერს რეგისტრაცია 09:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიება 10:30 საათიდან. 13 დეკემბერს – 09:30-დან საერთაშორისო კონფერენცია. მის.: თელავის ქუჩა 20, სასტუმრო: „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ დარბაზი შხარა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.