ლაშა ფურცხვანიძე პროკურორს: ის მსჯავრი, რაც ღმერთისგან მაწევს, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო – თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით
ის მსჯავრი, რაც მე ღმერთისგან მაწევს, ეს არც თქვენი მოსატანია, არც რომელიმე პატივცემული მოსამართლის და არც არავისი. ეს მე უნდა ვატარო სიცოცხლის ბოლომდე და თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით, – ასე მიმართა პროკურორს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა „გრინსერვის +“-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მას შვილებთან და მეუღლესთან ტელეფონით კომუნიკაციის უფლებას არ აძლევენ.
„პატივცემულო მოსამართლევ, ერთადერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მე ბატონ პროკურორს პირველივე დღეს გამოვუცხადე, რომ ჩემი დაკავება მათ მოუწევდათ, არა იმიტომ, რომ მე რამე ბრალი მიმიძღოდა კანონის წინაშე, არამედ იმიტომ, რომ, ამას სამწუხაროდ, რეალობა ასე მოითხოვდა. 5 დღის განმავლობაში ისე მივდიოდი და მოვდიოდი, რომ ერთი პატარა შეფერხება არ გქონიათ ჩემგან. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია მე ვიმყოფები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მახინჯი ტვინის მეტს არავის არ მოუვა შემიზღუდოს ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ურთიერთობის უფლება ტელეფონით და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის.
ამის მცდელობა თქვენგან გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ცდილობთ, ამ 9 ბრალდებულიდან რომელიმე მაინც გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ. ამას პირდაპირ გეტყვით. ვერ ათქმევინებთ, ბატონო პროკურორო, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში. იმ საფრთხეზე, რაზეც თქვენ იძახით, რომ მივიმალები, მე მანამდეც შემეძლო მიმალვა. მაგრამ, წინა სხდომაზეც ვთქვი, რომ ის მსჯავრი, რაც მე ღმერთისგან მაწევს, ეს არც თქვენი მოსატანია, არც რომელიმე პატივცემული მოსამართლის და არც არავისი. ეს მე უნდა ვატარო სიცოცხლის ბოლომდე და თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით, ბატონო პროკურორო, რამდენსაც არ უნდა ეცადოთ“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა.