პროფესიით სტომატოლოგია, ბავშვობაში ხატვაზე არც უფიქრია, თუმცა ფერებს თავისებურად აღიქვამდა… ყოველთვის მოსწონდა, რომ მამა ხელოვანი და პოეტი იყო.
ერთი წლის წინ მეუღლემ მეგობრისთვის საჩუქრად ნახატი შეიძინა, რომელიც დაუწუნა და უთხრა, რომ უკეთესს თვითონ დახატავდა. შემდეგ… „მთელი ღამე ვხატავდი სიზმარში. მეორე დღეს ავდექი, წავედი, ვიყიდე ტილოები, ფუნჯები, საღებავები და დავიწყე ხატვა ისე, თითქოს ადრე სულ ვხატავდი“. – ხათუნა მორჩიაშვილის პერსონა.
– გავიზარდე მოსიყვარულე ოჯახში. დედას და მამას დღემდე ძალიან უყვართ ერთმანეთი. მამა მურად მორჩიაშვილი ბიზნესმენია, თუმცა სულ წერს, პოეტია. წერს სიმღერებს. უკრავს. ბნელი 90-იანების მიუხედავად, ვფიქრობ, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სხვანაირი ურთიერთობები იყო ადამიანებს შორის. სხვანაირად აღვიქვამდი ფერებს ბავშვობაში. შავ-თეთრშიც ფერადს ვპოულობდი.
– სტომატოლოგი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– სტომატოლოგობა მშობლების რჩევით გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა არ გამიგრძელებია.– ხატვა ერთი წლის წინ დაიწყეთ, საინტერესო შემთხვევის გამო… მას შემდეგ ხატავთ…
– ხატვა ერთ წლის წინ დავიწყე, ავიღე ფუნჯები და დავიწყე ხატვა, რადგან ჩემს მეუღლეს დავუწუნე მეგობრისთვის ნაყიდი სურათი და ვუთხარი, რომ უკეთესს მე დავხატავდი.
– ამბობთ, რომ მეუღლის დიდი თანადგომით განაგრძეთ ხატვა და ეს სტიმული ბევრს ნიშნავს თქვენთვის… პირველი ნახატის შემდეგ ალბათ სხვა საინტერესო ნახატები შეიქმნა…
– პირველად ინტერნეტიდან გადავხატე რაღაც უმნიშვნელო, რაზედაც აღფრთოვანდა ჩემი მეუღლე და დიდი სტიმული მომეცა (ნახატების დიდი მოყვარულია). ყოველ შემდგომ ნახატზე იმხელა დადებითი ემოცია ჰქონდა, რომ მიბიძგებდა, სულ მეხატა. პირველი და დიდი გულშემატკივარია, რაც მთავარია, საოცარი, ენით აუწერელი განცდაა, როცა რაღაცას ქმნი. ვფიქრობ, ვიპოვე ჩემი თავი.
– ახალი წელი მოდის და თქვენს გვერდზე Khatuna M art gallery უკვე საახალწლო-საშობაო განწყობით იხატება ნამუშევრები, რომლებიც ბავშვობის ზღაპარში დაბრუნებას ჰგავს…
– საახალწლოდ ბევრი ნამუშევრის შექმნა მინდა ისე, რომ ყველამ შეძლოს სურათების შეძენა. მოგეხსენებათ, დიდი ფუფუნებაა ნახატის შეძენა. მინდა, ადამიანები გავახარო და საბაზრო ფასზე ნაკლები ფასი შევთავაზო. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ფერები ხატვის პროცესში მოდის.
„იისფერი“ რომ შევქმენი, სხვათა შორის, ბიძაშვილ ანას ვთხოვე დახმარება სათაურზე და ნამდვილად შესატყვისია.
– როგორ მუშაობთ?
– ნახატი ერთ ღამეშიც შემიქმნია. ხატვას რომ ვიწყებ, აღარ მინდა გაჩერება, მინდა დასასრული ვნახო… ძალიან შრომატევადია, მაგრამ უდიდესი ენერგიის წყაროა. მაქვს ნახატები, რომლებიც ერთ ღამეში დამიხატავს. ზოგს კი რამდენიმე დღეს ვხატავ. გააჩნია, როგორი ემოციით ვიწყებ. თუმცა ერთი ჩვეულებრივი თვითნასწავლი ვარ, ჩემს ახლობლებს ვახარებ და სხვებსაც თუ მოეწონებათ, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია.
– პეიზაჟები, პორტრეტები… ამჟამად რაზე მუშაობთ?
– სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობ. მრავალფეროვნება მიზიდავს. ახალ წლამდე მხოლოდ საახალწლო და თოვლიან პეიზაჟებს ვქმნი…
– ჰობი…
– ხატვა ჩემთვის ჰობიცაა და ყველაფერიც.
– ოჯახი… მეუღლე მხარში გიდგათ… რას ნიშნავს ოჯახის თანადგომა ხატვის დროს?
– ოჯახის თანადგომა ხატვის დროს უპირველესი ყოფილა. მყავს მეუღლე – გიორგი გურაშვილი და ორი შვილი – 17 წლის ოთო და 12 წლის მარია.
მეუღლე საოცრად მიდგას მხარში, ყველა ნახატი მოსწონს, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია. ამიტომ მოვედი აქამდე… ასევე, აღფრთოვანებულია მამა, რომელიც ალბა ყოველთვის გრძნობს, რომ სულით ხელოვანი ვიყავი. საერთოდაც, რომ ვხატავ, პირველი ჩემი მეუღლე, მერე რძალი და მეგობრები ნახულობენ, ყველას ვუგზავნი ნამუშევარს პირადში შეფასებებისთვის.
მიხარია ახალი წელი და მინდა ბევრი ნახატი მოვასწრო, რომ ადამიანებიც გავახარო, ვისაც ხელოვნება უყვარს.
სამომავლოდ აუცილებლად ვიფიქრებ პერსონალურ გამოფენაზე, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ, ამაშიც დიდ მხარდაჭერას მეუღლე მპირდება!
თამარ შაიშმელაშვილი