პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

პრემიერმინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებსა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.
ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები