სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცველის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, შურისძიების მიზნით, მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის ინტიმური ფოტოები მის მეუღლეს გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა.
“დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელ „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა. დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.