ლაშა ნაკაიძის ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაიძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.

“დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს – დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება, დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექსპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით. რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? – მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის”, – თქვა ლალი ბიბილეიშვილმა.

კითხვაზე, აყენებს თუ არა დაზარალებული ქალის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ეჭვქვეშ არაფერს აყენებს.

“მე ეჭვქვეშ არაფერს ვაყენებ, მე არც ვამტკიცებ ჩვენ უდანაშაულობას, ბრალდებას ეკისრება დაგვიმტკიცოს ჩვენი დანაშაული. როცა დაინიშნა ექსპერტიზა და მოითხოვეს ტელეფონები ლაშა ნაკაიძემ ის თავისი კოდებით გამოძიებას მისცა, რადგანაც გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს. ეტყობა დაზარალებულს ძალიან ბევრი აქვს დასამალი. ის თვალით არ მინახავს და მისი მიზანი არ ვიცი. მე იმას გეუბნებით რაც არის და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ყოფილი ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე სამართალდამცველებმა ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 16 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები