„შთაგონება როგორ მოდის? არ ვიცი, უბრალოდ შეიძლება დილით გავიღვიძო და უკვე ვიცოდე, რისი დახატვა მინდა“…

თბილისში დაიბადა, 102-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლა თოიძის სამხატვრო სასწავლებელში გააგრძელა და 1996 წელს დაასრულა.
ქმნის ულამაზეს ფერთა პალიტრას. ძალიან ყვარს რელიეფური ფაქტურა და მისი ოქროთი გამოკვეთა.
ამბობს, რომ ყველა ნამუშევარს სიყვარულით ქმნის და მფლობელისთვისაც  და სიყვარულის და სიხარულის მომტანი იქნება. – მხატვარ ნონა გვიმრაძის პერსონა.

– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და არც კი მახსოვს, როდის დავიწყე, მხოლოდ ერთი რამ მახსოვს,  რომ მიყვარდა პეპლებისა და მერცხლების ხატვა. სკოლაშიც ჩემი საყვარელი საგანი ხატვა და ხაზვა იყო. ვფიქრობ, ამიტომ ავირჩიე მხატვრობა.
ულამაზეს ფერთა პალიტრით გამორჩეულია თქვენი ნამუშევრები…  შთაგონება როგორ მოდის?
– შთაგონება როგორ მოდის? არ ვიცი, უბრალოდ შეიძლება დილით გავიღვიძო და უკვე  ვიცოდე, რისი დახატვა მინდა.
– რელიეფური ფაქტურა, ოქროს კვეთით – ორიგინალური და ლამაზია…
– მიყვარს რელიეფური ფაქტურა და მისი ოქროთი გამოკვეთა, რაც, ვფიქრობ, მას ძალიან უხდება. რელიეფური ფაქტურით ხატვა უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან ნამუშევარს ორ ეტაპად ვხატავ. ზოგადად, ძალიან მომწონს რელიეფთან მუშაობა, რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად და როგორ  დასკდება რელიეფური პასტა. ამიტომ უპირატესობას თაბაშირს ვანიჭებ. მიყვარს მისი, ასე ვთქვათ, დახეთქვა და წვრილი ელემენტების გამოკვეთა.
თუ ვიცი, რისი დახატვა მინდა, ძალიან  მალე ვხატავ, თუმცა რელიეფს დრო სჭირდება.
– როგორ დაიხატა „დრო“?
– ყველა ნამუშევარი სიყვარულით შეიქმნა და ყველას თავისი ისტორია აქვს. „დროს“ – ცოტა დიდხანს ვხატავდი და, მგონი, ბევრი მხატვარი გამიგებს, როდესაც უყურებ შენს ნამუშევარს და სახელი თავად მოდის.
„დრო“ სპონტანურად დავხატე  და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო ამ სტილში.
– მონაწილეობდით გამოფენაში – „ფერთა ფილოსოფია“, „ყვითელი ფოთლები“…
– „ფერთა ფილოსოფია“ – გამოფენაში მონაწილეობა ძლიერი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან გარდა იმისა, რომ იყო პირველი გამოფენა, ცოტა განვიცდიდი, თუ როგორ მიიღებდა ამ სტილს საზოგადოება.
ჰობი
– ხატვა და, გაგიკვირდებათ – თევზაობა.
– ოჯახი… როგორც ვიცი, თქვენი შვილიც ხატავს..
–  ბედნიერი დედა და მეუღლე ვარ. მყავს ორი შვილი. ნიკა უფროსია, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უყვარს ტელევიზია და კინემატოგრაფია. მარიამი, ვფიქრობ, დამწყები მხატვარია. მისმა რამდენიმე   ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა და კარგ ოჯახებში დაიდო ბინა.
ჩემი შვილები ჩემი შთაგონების წყაროა და, როგორც ყველა დედა, მეც ვამაყობ მათით.  ყველა ნამუშევარი,  უპირველეს ყოვლისა, მათი სიყვარულით  შეიქმნა.
– სამომავლო გეგმები…
– მონაწილეობა მივიღე გამოფენებში: „ფერთა ფილოსოფია“ და „ყვითელი ფოთლები“.
სამომავლოდ  მინდა პერსონალური გამოფენის  გამართვა რელიეფური ნამუშევრებით.
ჩემი ნამუშევრების  ნაწილი, რომელიც გამოფენისთვისაა, ჩემს სახელოსნოშია, სხვა დანარჩენი იმედია, მფლობელისთვის სიხარულისა და სიყვარულის  მომტანია, რადგან ყველა ნამუშევარს სიყვარულით ვქმნი.

                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები