პროფესიით ფარმაცევტია. ხატავს ბავშვობიდან. მოყვარული მხატვარია. თავიდან კარიკატურების ხატვით დაიწყო, აშარჟებდა პოლიტიკოსებს, კლასელებს, ანიმაციის გმირებს... შემდეგ ხატვა დაიწყო ხეებზე, სათამაშოებზე… ამჟამად ნაძვის ხის სათამაშო ბურთულების მოხატვაზეა გადართული, რომელიც ბევრს მოსწონს. – თამარ ფეიქრიშვილის პერსონა.
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ჩემი დახატული კარიკატურები, იმდენად კარგ განწყობას უქმნიდა გარშემომყოფებს, ხალისი მემატებოდა და უფრო მიმძაფრებდა ხატვის სურვილს.
მახსოვს, ტელევიზორში, პოლიტიკური გადაცემა გადიოდა, რომელიღაც პოლიტიკოსი იყო მიწვეული. იმდენად სახასიათო პერსონაჟად წარმოვიდგინე, რომ კარიკატურულ სტილში მომინდა დახატვა. ბევრი იცინეს ოჯახის წევრებმა და მივხვდი, რომ გამომივიდა.
– რატომ გადაწყვიტეთ ფარმაცევტობა?
– რაც შეეხება ჩემს პროფესიას…ვფიქრობდი, რომ ხატვა ჰობად დარჩებოდა და პროფესია აუცილებელი იყო. თუმცა დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, სტუდენტობის 4 წელს სამხატვრო აკადემიაში გავატარებდი.
– ალბათ სტუდენტობის წლებშიც ხატავდით…
– ყოველთვის ვერ ვხატავ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ემოციების დოზა იმატებს.
– ხატავთ ხეებზე, სათამაშოებზე…
– ჩემი ნამუშევრებიდან, ყველაზე მეტად „გერგეტის სამება“ მიყვარს, ყოველი შეხედვისას, იდუმალი და დიდებული ემოციებით მავსებს.– რატომ გიყვართ პატარა პრინცის დახატვა?
– „პატარა უფლისწული“ – ნაწარმოები არა მხოლოდ პატარა მკითხველთათვის, არამედ დიდებისთვისაც ძალიან საყვარელი და შთამაგონებელია – როგორც ცხოვრებისეული რჩევებით, ასევე სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით.
„მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი“.
– პეპი – ნაძვის ხის სათამაშოზე და მინაწერი: „თქვენ რომელ პერსონაჟს ისურვებდით ნაძვის ხის მეტი ჯადოსნურობისათვის“?
– რაც შეეხება ნაძვის ხის სათამაშოზე დახატულ პერსონაჟებს – როგორც შექება, ასევე შენიშვნაც მიმიღია იმის თაობაზე, რომ ბურთზე მხოლოდ საახალწლო თემატიკა უნდა ეხატოს და არა, მაგალითად, პეპი, კლიმტის ამბორი ან ფიროსმანის მეეზოვე. ყველა ადამიანს სხვადასხვა ნახატი უქმნის განწყობას, ვფიქრობ, აქ საკამათო არაფერია.
– გვერდს „არტელა“ ჰქვია…
– გვერდის სახელზე ბევრი არ მიფიქრია. ხელოვნება, როგორც Art და ჩემი სახელი – თამარელა ერთმანეთს დავუკავშირე.
– ხშირად ნახატს ლექსის სტრიქონი მოსდევს. ჯერ ნახატი თუ ჯერ ლექსი?
– ვფიქრობ, პოეზიის დახმარებით, უკეთ გაიგებენ, ჩემი ნახატების სათქმელს. რა თქმა უნდა, ჯერ ნახატი და შემდეგ პოეზია…
– რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ბოლო ორი წელია, ახალი წლისთვის, იმ ცხოველს ვხატავ სახლისთვის, რომლის წელიც მოდის, იმდენად დიდი სიყვარულით და დადებითი ენერგიით ვმუხტავ, ნამდვილად ამართლებს და ბედნიერი წელი მოაქვთ ჩვენთვის.
– ოჯახი… როგორ გეხმარებათ შემოქმედებით საქმიანობაში?
– ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მიდგას და მხარს უჭერს ჩემს წამოწყებებს. მადლობა მათ საჯაროდ ყველაფრისათვის.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობ, ნაძვის ხის სათამაშო ბურთულების მოხატვაზე. მინდა ჩემი სიყვარულით დამუხტული სათამაშოები, სხვადასხვა ნაძვის ხეზე იწონებდნენ თავებს.
თამარ შაიშმელაშვილი