უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 25 პირი დაიბრუნა
რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში კიდევ 25 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.
მისი თქმით, დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ მცველები.
„ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება არის ის, რაზეც უკრაინა მუდმივად მუშაობს. და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მთელ ჩვენს ხალხს არ დავაბრუნებთ. დღეს კიდევ 25 მოქალაქე ბრუნდება სახლში, უკრაინაში. ესენი არიან ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირები. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები, ასევე ჩვენი ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ბიჭებს მძიმე დაზიანებები და დაავადებები აღენიშნებათ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.
„მადლობელი ვარ იმ გუნდის, რომელიც ეძებს ჩვენს ხალხს და აკეთებს ამ მნიშვნელოვან საქმეს. ჩვენ მადლობელი ვართ არაბთა გაერთიანებული საამიროების დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა დღევანდელი ღონისძიების განხორციელება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ 2024 წელს რუსული ტყვეობიდან 1358 ადამიანი დაბრუნდა.