ბექა ძამაშვილი: მამალაძეს სამართლიანი სასამართლოს წარმოება ეროვნულ დონეზე ჰქონდა დაცული
„ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, განაჩენი, სადაც დასაბუთებულია მომჩივანის მიერ ჩადენილი დანაშაული რა მტკიცებულებებს ეფუძნება და დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ მტკიცებულებები მყარია და ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს და მეორეს მხრივ, გვაქვს ჩვენ პროცედურული დარღვევები, რომელიც გავლენას არ მოახდენდა ამ შინაარსზე, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე – “მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ”.
მისი თქმით, როდესაც დარღვევა დგინდება ხოლმე, ზოგადად, გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ხდება მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ შიდა სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მარტივად არის ფაქტები, რომ კი, გასაგებია ევროპული სასამართლოს შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, რომ სხდომა მთლიანად არ დახურულიყო და რაღაც ნაწილი ყოფილიყო საჯარო იმისათვის, რომ ვთქვათ, საზოგადოებას ჰქონოდა უფრო მეტი ინფორმაცია. ანუ, განაჩენი დადგებოდა ისეთივე, როგორიც დადგა დახურულ სხდომაზე. ღია სხდომის შემთხვევაშიც იგივე განაჩენი იქნებოდა. ანუ, ეს შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა და ანალოგიურად, უდანაშაულობის პრეზუმციის შემთხვევაშიც, ცალკეული საჯარო ფიგურების განცხადებები ევროპულმა სასამართლომ, რაღაც გარემოებებთან ერთობლიობაში, შეიძლება ჩათვალა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ. მაგრამ, ესეც ხომ ვერ მოახდენდა გავლენას კონკრეტულ შედეგზე, რადგან სასამართლოს განაჩენი ეფუძნება არა საჯარო განცხადებებს, არამედ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებების ერთობლიობა წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომელზეც დღეს, დღევანდელ გადაწყვეტილებაში შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ ყველა ეს მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული და ერთობლიობაში ის ქმნიდა საფუძველს, რომ მიღებულიყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ეროვნულმა სასამართლოებმა და საბოლოოდ, როდესაც გადაწყვეტილებას აჯამებს სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, აქ, ჩვენი აზრით, საკმაოდ მკაფიო არის პასუხი. ანუ, რაიმე გადასასინჯი არ არის. თუმცა ეს რა თქმა უნდა პროცესუალური უფლება არის მხარის, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ მათ უნდა მიმართონ შიდა სასამართლოს, რომ რაღაც გადაისინჯოს, ამაზე შიდა სასამართლო გააკეთებს შეფასებას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქ არანაირი საფუძველი არ არის, რომ რაიმე გადაისინჯოს. იმიტომ, რომ თვითონ სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა საკმაოდ მყარი შეფასება“ – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.