საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ერინ მაქიის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის, ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი – ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე – ალექს სოკოლოვსკი, ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე – ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე – აარონ რუპერტი ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე.