ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, “მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. ეს მუხლი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ნიშნავს.
ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი (დეკანოზი მამალაძე) ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც “მკვლელობის მომზადების” მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.
“მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.
კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე “მკვლელობის მომზადებასთან” დაკავშირებით.
ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა,” – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზი მამალაძე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტის საფუძველზე დავობდა.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს შეუფარდა. სასამართლომ იგი პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.