დაიბადა კასპში, უკვე 6 წელია ცხოვრობს ესპანეთში, მეუღლესთან და ორ პატარასთან ერთად.
ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ამბობს, რომ ეს უფრო ჰობია. სახის და, უშუალოდ, სხეულის მოხატვა 2020 წელს დაიწყო აქტიურად.
ძალიან უყვარს ფოტოგრაფია. „ჩემთვის ეს ყველაფერია. ავტოპორტრეტებს ჩემით ვიღებ, მოვიფიქრებ სტილს, წინასწარ ვგეგმავ, თუ რა როგორ გადავიღო. ძალიან მინდა ფოტოგრაფობა პროფესიად ვაქციო“. – თვითნასწავლი ხელოვანის, ნინი ნადირაშვილის პერსონა.
– კასპში დაიბადეთ. გაიხსენეთ ბავშვობა. ხატვა, ხელოვნება მაშინაც გიზიდავდათ….
– პატარაობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა. ძირითადად, შავ-თეთრ პორტრეტებს ვხატავდი. ძალიან მამშვიდებდა და მსიამოვნებდა ეს პროცესი.
პირველი ნახატები ახლაც შენახული მაქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შავ-თეთრ ფერებში ვხატავდი პორტრეტებს. პეიზაჟები და მსგავსი სტილი ჩემეული არ იყო. მიყვარდა მხოლოდ პორტრეტების ხატვა.
– 6 წელია ესპანეთში ცხოვრობთ ოჯახით… როგორ განვითარდა შემოქმედების ნიჭი ამ პერიოდში? 2020 წელს სხეულის მოხატვა დაიწყეთ….
– რაც ესპანეთში ვიმყოფები, ტილოზეც დავიწყე ხატვა და ძალიან შემიყვარდა, ასევე, ვცადე სხვა სტილში დახატვაც. ხშირად უწინდელივით აღარ ვხატავ, მაგრამ რაც აქ ვიმყოფები, ჩემს სახეზე და სხეულზე ავტოპორტრეტებისთვის მოხატვა დავიწყე, რომლებსაც თვითონ ვიღებ.
მასალას რაც შეეხება, ტილოზე ხატვისას და სხეულზე მოხატვის დროსაც ვიყენებ აკრილის საღებავებს. ასევე, ხშირად ვიღებ სხვადასხვა მაკიაჟის ლუქებს და ვთანამშრომლობ კოსმეტიკურ ბრენდებთან.
ეს ჩემთვის განტვირთვაა. ეს პროცესი ძალიან მამშვიდებს და თავს თავისუფლად მაგრძნობინებს. ამით ემოციების გამოხატვაც შემიძლია, ხშირად ვანსახიერებდი სხვადასხვა მსახიობს, ვემსგავსებოდი მათ და ძალიან მსიამოვნებდა..
– როგორ შეიქმნა ენის ავტოპორტრეტი?…
– ენის ავტოპორტრეტი გადავიღე სერიალიდან – „ენი მწვანე სახურავებიდან“. როდესაც ამ სერიალს ვუყურე, მთავარ პერსონაჟში ჩემი თავი დავინახე, იმდენად ემთხვეოდა ჩვენი ემოციები, ბუნებისადმი სიყვარული, ხასიათი. ძალიან მომინდა, ენის გარდასახვა. ზუსტად მასავით გამოვეწყვე და ფოტოსესია გავმართე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ძალიან ბევრს უყვარს ეს სერიალი.
ვფიქრობ, ყველა ჩემს ნამუშევარს და ფოტოს თავისებურად საინტერესო ისტორია აქვს.
– ხშირად აქვეყნებთ ფოტოსესიებს. იღებთ ავტოპორტრეტებს, რომლებსაც „ფეისბუქზე“ დიდი მოწონება აქვთ. ზოგს თქვენი დახატვის, ზოგს კი თოჯინის გამოძერწვის სურვილი უჩნდება…
– რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, დიდი მოტივაცია და ხალისი მეძლევა, რომ უფრო მეტი გადავიღო. უამრავ თბილ კომპლიმენტს ვიღებ და ეს ძალიან მახარებს…
– გამსგავსებენ სერიალის გმირს, ელიზაბეტს, მერე მის სტილში ფოტოც გადაიღეთ. ესეც ხელოვნებაა, თანაც ალბათ საინტერესო…
– ელიზაბეტზეც ბევრი მწერდა, რომ აი, ახლა ვუყურებთ და როგორ გგავსო, ფოტოებს მიგზავნიდნენ. შემდეგ მეც რომ ვუყურე, გადავწყვიტე, მისი იმიტაციაც გამეკეთებინა და ფოტოები გადამეღო. მოვემზადე, გავიკეთე ვარცხნილობა, მაკიაჟი… ყველანაირად ვცდილობ, ზუსტად მივემსგავსო კონკრეტულ პერსონაჟს. რატომღაც ყოველ ჯერზე ისე გამოდიოდა, რომ მართლაც ყველა პერსონაჟს ძალიან ვგავდი. ასე ვთქვათ, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან მაინტერესებს, რამდენად შევძლებ, კონკრეტულ გმირს დავემსგავსო.
– ამბობთ, რომ ფოტოგრაფობის ძირითად პროფესიად ქცევა გინდათ…
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, თითქმის ყველაფერს ფოტოს ვუღებდი, მე და ჩემი დაიკო ძალიან ხშირად ვუღებდით ერთმანეთს ფოტოებს და ეს პროცესი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა – გადაღების შემდეგ უკვე ფოტოების არჩევის, ფერების დამუშავების პროცესი და მისადმი სიყვარული უფრო და უფრო გამიღრმავდა. ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც გადაღების დროს მიჩნდება და, საერთოდ, ამ სფეროს რაც ეხება, ყველაფერი მაბედნიერებს, მთელი სულით და გულით ვეფლობი ამ ყველაფერში და ძალიან ჩემია.
– მხატვრობა და ფოტოგრაფია… და მაინც, როგორ გავსებთ თითოეული?
– ხატვა და ფოტოგრაფია ერთად რომ გავაერთიანე, თითქოს ამან უფრო შემავსო და ბევრად საინტერესო გახდა პროცესი. ორივე თავისებურად მავსებს და მიყვარს, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, ვცდილობ, ეს ცუდი განწყობა ამით გადავფარო და გადავიღო ან მოვიხატო რაიმე, მაშინვე ვმშვიდდები.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ვხატავ ილუსტრაციებსაც მობილური აპლიკაციის მეშვეობით და შეკვეთებსაც ვიღებ.
– ჰობი…
– იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს ფოტოების (ავტოპორტრეტების) გადაღება, ასევე, ძალიან მიყვარს, როდესაც მე თვითონ ვარ მოდელი სხვა ფოტოგრაფისთვის. ეს პროცესიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან ბევრმა ფოტოგრაფმა შემომთავაზა გადაღებები საქართველოდანაც და როდესაც ჩამოვალ, აუცილებლად გადავიღებ მათთან ფოტოებს.
– ოჯახი, შვილები… როგორ აფასებს მეუღლე თქვენს ამ საქმიანობას? თუ გაძლევთ რჩევებს?
– მეუღლეც ძალიან აფასებს იმას, რასაც ვაკეთებ და ხელს მიწყობს ამ ყველაფერში, რაც ძალიან მახარებს. ხშირად მირჩევს, რა ლუქი მოუხდებოდა კონკრეტულ გადაღებას და ა.შ.
ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს მარტო ორ ბავშვთან ერთად? მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიადვილდება. ზოგჯერ ყოფილა ისეც, რომ გადაღების დროს ჩემ გვერდით ყოფილა ორივე წყნარად, თამაშით გართული, მე კი ჩემი საქმე მიკეთებია, ანუ ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ მქონია, პირიქით – ზოგჯერ ისინიც ჩართულან დედიკოს გადაღებებში…
– სამომავლო გეგმები… |
– მინდა ფოტოგრაფიის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. ასევე სამოდელო სფეროშიც მქონდა შემოთავაზებები , რაც ძალიან მიხარია… ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო მოდელობა. ყველაფერი იქნება დროთა განმავლობაში, მთავარია, მთელი გულით გვჯეროდეს იმის, რაც გვსურს.
თამარ შაიშმელაშვილი