“დავიწყე გაშველება, ამაზე დამიწყეს ცემა, წიხლები მირტყეს” – რა დეტალებს იხსენებს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ტარიელ ძეგლიგაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ  პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, ბრალდებულმა შემთხვევის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის თავს იცავდა. 

“ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩემს თანამშრომელს, დავიწყე გაშველება, ამაზე დამიწყეს ცემა, ვერიდებოდი, ქურთუკი დამაფარეს თავზე და წიხლები მირტყეს, ტაქსით წავედი სახლში, დამირეკეს, არ ვპასუხობდი, ქვემოთ ჩამოდი თორემ ამოვალთო, დილით ვილაპარაკოთ-თქო, არ გაჩერდნენ, ამოვდივართო და ჩავედი, ოჯახს ვიცავდი, რომ არ ამოსულიყვნენ. რატომ მოხვედით ასე გვიან, წადით, გამოვფხიზლდეთ – ხვალ ვილაპარაკოთო, თემური შეურაცხყოფას მაყენებდა მირტყამდა და მაგინებდა ცოლ-შვილის თანდასწრებით,” – განაცხადა ტარიელ ძეგლიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 3 პირს შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით ორმა დაკავებულს საქმის გასარჩევად სახლში მიაკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოკლულია 26 წლის თემურ ხარანაული. საქმეში სამზარეულოს დანა ფიგურირებს.

დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 -დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები