ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის არის დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან არიან კავშირში. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად მოქმედებდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან ქალებიც.
„დაკავებულებს შორის არიან ყაზახეთის მოქალაქეები, ასევე, ქალები. მიმდინარეობს გამოძიება, რომ დადასტურდეს, თუ რა გზით მოხდა ნარკოტიკების ჩვენს ქვეყანაში მოხვედრა“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი.“