„როდესაც სპორტსმენი სროლის ხაზზე დგას და მის უკან მწვრთნელია, ის იმ დროს მისი იმედი, ნუგეში და ძლიერი ზურგია“

3 წლის პატარა ნია, ბებოსთან ერთად

12 წლის ასაკში დაიწყ მშვილდოსნობაზე სიარული, ხუთწლიანი ვარჯიშის შემდეგ დაოჯახდა და ვეღარ გააგრძელა სპორტზე სიარული.
2011 წელს კი ისევ დაუბრუნდა მშვილდოსნობას, ოღონდ უკვე მწვრთნელად.
დღემდე ემსახურება, როგორც თავად ამბობს, საყვარელ სპორტს: „მყავდა და ახლაც მყავს წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს ნაკრების წევრები არიან“.
ავარჯიშებდი პარასპორტსმენებსაც და იქაც ყავდა წარმატებული სპორტსმენი.
იყო საქართველოს მამაკაცთა ნაკრების მწვრთნელი, ამჟამად კი ქალთა და მამაკაცთა დამხმარე მწვრთნელი ნაკრებში.
დაამთავრა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ასევე – საბუღალტრო. მუშაობდა საბავშვო ბაღებში ბუღალტრად, ერთხანს – ბაღის გამგედაც, შემდეგ – ბავშვთა სახლშიც მუშაობდა ბუღალტრად. – მშვილდოსნობის მწვრთნელის, მანანა ცხვარიაშვილის პერსონა.

12 წლის ასაკში დაიწყე მშვილდოსნობაზე სიარული, როგორ შეგიყვარდათ სპორტის ეს სახეობა? რას გაიხსენებთ ბავშვობიდან?
– სკოლაში მოვიდა მშვილდოსნობის მწვრთნელი და ბავშვებს შემოგვთავაზა სიარული. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი წავედით,  თუმცა მხოლოდ ორნი დავრჩით – მე და იამზე ტალახაძე. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დიდი გეგმებიც დავისახე. მინდოდა, ამ ლამაზ სპორტს ბოლომდე გავყოლოდი და მიმეღწია წარმატებისთვის.

–  ხუთი წლის შემდეგ დაოჯახდით და ვეღარ გააგრძელეთ სპორტზე სიარული… 2011 წლამდე, როდესაც მწვრთნელად დაბრუნდით,  ხომ არ ფიქრობთ, რომ დაოჯახებამ ხელი შეგიშალათ  სპორტულ კარიერაში და სხვანაირად წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?
– მალევე დავოჯახდი და სპორტისთვის თავის დანებებამ მომიწია. ძალიან ვწუხდი, მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შეუძლებელი იყო, ორი ბავშვით ვერ შევძლებდი აქტიურ ვარჯიშს და ოჯახის გაძღოლას ერთად.
2011 წელს ბავშვობის მეგობარმა, იამზე ტალახაძემ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სპორტის ამ სახეობაში, შემომთავაზა დაბრუნება. მეც, ვინაიდან ჩემი შვილები საკმაოდ დიდები იყვნენ, სიხარულით დავთანხმდი. აქედან დაიწყო ოცნების ასრულება.
იყავი საქართველოს მამაკაცთა ნაკრების მწვრთნელი, ახლა ხართ ქალთა და მამაკაცთა დამხმარე მწვრთნელი ნაკრებში… რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი მწვრთნელად დაბრუნება?
– იმდენად მიყვარდა და მენატრებოდა ჩემი სპორტი, რომ დიდი მონდომებით შევუდექი სპორტსმენების მომზადებას. ასე მინდოდა ჩემი ოცნებების ახდენა და ისიც, რომ ჩემი დახმარებით რომელიმე ბავშვი წარმატებული გამხდარიყო. მალე ეს ოცნებაც ამისრულდა და ზურაბ მესტვირიშვილი გახდა პირველი სპორტსმენი მამაკაცთა შორის, რის გამოც მამაკაცთა ნაკრების მწვრთნელად მიმიწვიეს. ჩემთვის მწვრთნელობა დიდი პატივი და დიდი სიხარულია, როდესაც ჩემი შრომა ფასდება.
ამ დროის მანძილზე ყოველთვის გვერდში მედგნენ: ჩემი კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა მაჩაიძე და ფედერაციის პრეზიდენტი – ხათუნა ნარიმანიძე.

ზურაბ მესტვირიშვილთან ერთად

–  უამრავი წარმატებული სპორტსმენი გყოლიათ და გყავთ…
– ყველაზე წარმატებულებს ჩამოვთვლი, რომლებსაც მე ვავარჯიშებ: ზურაბ მესტვირიშვილი (მამაკაცთა ნაკრების წევრი), თეო კუტალაძე (ქალთა ნაკრების წევრი), გვანცა არჩვაძე (კადეტთა ნაკრების წევრი).
– პანდემიამ შეაფერხა სპორტის ყველა სახეობა… ბუნებრივია, მშვილდოსნობაც.  როგორია პოსტპანდემიური პერიოდი? რა ასპარეზობები გაიმართა. რა წარმატებას მიაღწიეს თქვენმა სპორტსმენებმა?

– ეს ის სპორტსმენები არიან, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებმაც უკვე თქვეს სათქმელი. თუმცა ამით არ ვჩერდებით, კიდევ მყავს ისეთი სპორტსმენები, რომლებიც ბევრჯერ მასახელებენ.
მართალია, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, უკან დაგვწია,  თითქმის წელიწად-ნახევარი შეჩერებულები ვიყავით და ამის გამო ოლიმპიადის ლიცენზია ვერ ავიღეთ. არადა გვქონდა იმედი, რომ ბიჭებიც გვასახელებდნენ და ლიცენზიას აიღებდნენ, ისეთი მომზადებულები ვიყავით. გოგონებზე აღარ ვსაუბრობ, რადგან მათი იმედი გვქონდა. ჩვენი გოგონები თითქმის ყველა ოლიმპიადაზე იყვნენ და ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ აქაც წავიდოდნენ.

თეო კუტალაძესთან ერთად

– რა როლი აქვს მწვრთნელს სპორტსმენის წარმატებაში?
– თუ სპორტსმენს კარგი მწვრთნელი არ ჰყავს, ის ვერასდროს გახდება წარმატებული. მწვრთნელი მისთვის ყველაფერია. როდესაც სპორტსმენი სროლის ხაზზე დგას და მის უკან მწვრთნელია, ის იმ დროს მისი იმედი, ნუგეში და ძლიერი ზურგია.
– ბაზების ნაკლებობა და სპორტსმენების ემიგრაცია უცხოეთში – არსებითი პრობლემებია მშვილდოსნობაში… რა უნდა გაკეთდეს, რომ უწინდელივით ისევ აღორძინდეს  სპორტის ეს სახეობა ჩვენთან?
– რა თქმა უნდა, ეგ პრობლემა ჩვენც შეგვეხო. ჩვენგანაც წავიდნენ ძლიერი სპორტსმენები: ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟანიძე, ასმათ დიასამიძე, ხათუნა ქვრივიშვილი (ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ახლაც ნაკრებში ისვრის),  ნატო ნასარიძე (თურქეთის უძლიერესი ნაკრების მწვრთნელია), პანდემიის შემდეგ თავი დაანება სპორტს – უძლიერესმა სპორტსმენმა და საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემაც.
ესენი ის სპორტსმენები არიან, რომლებმაც მრავალჯერ მოუტანეს გამარჯვება საქართველოს და ძალიან ბევრჯერ ასახელეს საზღვრებს გარეთ. უსახსრობამ და ბაზების უქონლობამ საკმაოდ უკან დაგვწია. იზრდებიან, ოჯახდებიან და მიდიან სპორტიდან, რათა ოჯახები შეინახონ.

მრავალი ასეთი ჯილდოს მფლობელია

– როგორც მწვრთნელს, რა პრობლემები გაქვთ? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით?
ჩემი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს ბაზა, სადაც სპორტსმენებს ვავარჯიშებდით 70-60 მეტრს. მხოლოდ ბათუმშია. თბილისშიც გვპირდებიან და იმედია, გაგვიკეთებენ. და, რა თქმა უნდა, გვჭირდება სახსრები, რომ სრულყოფილად მოვაწყო ჩემი კლუბი.
– ბავშვთა სახლში… საბავშვო ბაღებში მუშაობდით, ასევე – ბაღის გამგედაც…  სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალისტი ხართ…

გვანცა არჩვაძესთან ერთად

– ჩემი სპეციალობა ძალიან მეხმარება, ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მათთვის მეგობარი ვარ. ჩვენ შეგვიძლია, ყველა თემაზე ვისაუბროთ, მოვუსმინო და რჩევაც მივცე. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
–  ოჯახი… გვიამბეთ მეუღლეზე, შვილებზე… თუ უყვართ თქვენი ოჯახის წევრებს მშვილდოსნობა?
– მყავს მეუღლე, ორი შვილი – ბიჭი და გოგო, ორივე დაოჯახებულია. ასევე – ორი შვილიშვილი: ნია და ტაისია.
რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი დიდ პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, რომ არა მათი თანადგომა, მე ვერ ვიმუშავებდი ნაკრებთან. ხან თვეობით მიწევდა შეკრებაზე ყოფნა და შემდეგ – შეჯიბრზე წასვლა.
–  ჰობი…
– ჩემი ჰობი  ჩემი სპორტი  და ოჯახია, სადაც თავისუფალ დროს ვარ და ვისვენებ მათ ყურებით.
– გაქვთ  საკუთარი კლუბი „გეო-გენი+”… სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, რაღა თქმა უნდა, მინდა კიდევ ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღვზარდო, რომ ერთად ვასახელოთ საქართველო. მაქვს, ასევე, საკუთარი კლუბი „გეო-გენი+”,  სადაც ვავარჯიშებ სპორტსმენებს და მზად ვარ, კიდევ მივიღო მსურველები…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები