ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი  – ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. დღეს უნგრეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა – ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა – შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მის უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. აქვე აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართულობით სრულად მოხდება შავი ზღვის მთელი პოტენციალის გამოყენება. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა – ვიქტორ ორბანმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები