ჯუანშერ ბურჭულაძე: მარტო ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა, ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ადამიანმა თავი მექანიკურად აარიდოს
არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის უწყება ჯარის პოპულარიზაციისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ბევრი ლეგალური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ჯარს თავი აარიდოს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს შეიცვლება.
„თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში შევა, ყველაზე მეტი დრო და ძალისხმევა ზუსტად ამ მიმართულებაზე, რეზერვის და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე დავხარჯეთ. ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილებაა აქვთ და შეიძლება, მარტივად ინტეგრირდეს ჩვენთან, ყველა ასპექტის გათვალისწინებით; ავიღეთ ფინური მაგალითი და შვეიცარიის მაგალითი. შეიძლება, გარკვეულწილად, ჰიბრიდი გავაკეთოთ ამის, ჩვენი მენტალიტეტის, არსებული მდგომარეობის და მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით. ამ ძალისხმევას ძალიან მაღალი შედეგი მოჰყვა და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ დოკუმენტს მივიღებთ საკანონმდებლო დონეზე, რითაც, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ათი-ოცი წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ.
არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, იქნება გაწვევის ალტერნატიული ვადები – ექვსი თვე, რვა, თერთმეტი და ასევე იქნება საშუალება, რომ პირმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაიაროს სავალდებულო სამსახური.