“ჯარში ჩვენ, ერთად, მადლიერებით ვაცილებთ ძველ წელს და იმედით ვეგებებით ახალს წელს” – ირაკლი ჩიქოვანი
“გილოცავთ 2025 წელს! ჯარში ჩვენ, ერთად, მადლიერებით ვაცილებთ ძველ წელს და იმედით ვეგებებით ახალს წელს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს.
მინისტრი მოსახლეობას კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.
“ახალ წელს გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადიდან, სადაც თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან და ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ვიმყოფები. ჯარში ჩვენ, ერთად, მადლიერებით ვაცილებთ ძველ წელს და იმედით ვეგებებით ახალს!
ახალ წელს გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მებრძოლ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ამ იდეისთვის დაცემული გმირების ოჯახების წევრებს. თავდაცვის ძალები ერთიანი დიდი ოჯახია, სადაც კარგად იციან ერთმანეთთან გვერდით დგომის ფასი! ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ემსახურებით სამშობლოს.
2025 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი!”, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.