დაიბადა და ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. თვითნასწავლი მხატვარია. ამბობს, რომ ეს ულამაზესი ადგილი მისი შთაგონების წყაროა.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ხელოვნებათმცოდნეობას ეუფლება. პარალელურად ხატავს. ამბობს, რომ მისი სოფლის ხედები აძლევს შთაგონებას. ამავე დროს, დიდ სიმშვიდეს და სიამოვნებას გრძნობს, როდესაც ადამიანის სახეს ხატავს.
სამომავლოდ ფიქრობს პერსონალურ გამოფენაზე და საკუთარ სტუდიაზე. – თვითნასწავლი მხატვრის ლიკა შაინიძის პერსონა.
– ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ცხოვრობთ… გაქვთ გვერდი – Lika Shainidze Arts – ნახატები. ალბათ ბავშვობიდან ხატავდით…
– უმეტესობის მსგავსად, ბავშვობაში ხატვა მეც მომწონდა, მაგრამ ხშირად არ ვხატავდი, ზოგჯერ არც ვაქცევდი დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას. როგორც ყველა ბავშვი, ისე ვერთობოდი მეც.
ხატვას სხვა თვალით 15-16 წლის ასაკიდან შევხედე, იდეა თითქოს მოულოდნელად მოვიდა, თავისით. ძალიან მიყვარდა ცნობილი მომღერლების პოსტერების შეგროვება. ახლაც უამრავი კოლექცია მაქვს.
ერთ საღამოს ვიჯექი და ვათვალიერებდი, ვუყურებდი და მინდოდა მეტის გაკეთება… უცებ ავიღე ფანქრები და დავიწყე პორტრეტის პოსტერიდან გადახატვა. რომ დავასრულე, ძალიან მომეწონა შედეგიც და პროცესიც, შემდეგ ახლობლებს, კლასელებს ვაჩვენე, მათაც ძალიან მოეწონათ და შემაქეს. ეს გახდა ჩემი დიდი მოტივაცია, მივხვდი, რომ რაღაც ახლის დასაწყისი იყო. ვიგრძენი, რომ ჩემი თავი ვიპოვე.
– ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ხელოვნებათმცოდნეობას ეუფლებით…
– სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, სად იყო ჩემი ადგილი. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ბაკალავრიატი ისტორიის განხრით დავასრულე. ამ ოთხი წლის მანძილზე ხატვაც შევწყვიტე, თუმცა საინტერესო იყო ეს ოთხი წელიც, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, გავიცანი ჩემსავით თვითნასწავლი მხატვრები. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ის იყო, როდესაც არქეოლოგიურ ექსპედიციებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა საკუთარი თავის დაბრუნება.
როგორც კი დავასრულე სწავლა, პანდემიაც დაიწყო, მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. მეც დავიწყე ხატვა, უფრო დავიხვეწე და განვვითარდი, სულ სხვა შედეგს ვიღებდი, ვიდრე 15-16 წლის ასაკში, შემდეგ გამოჩნდა ახალი შანსი და იმედი, ჩავაბარე ხელოვნების უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობაზე.
– ამბობთ, რომ თქვენი სოფლის ხედები შთაგონების წყაროა…
– ჩემი სოფლის ხედი სხვანაირად დავინახე და აღვიქვი მაშინ, როდესაც ბავშვობაში პირველად გავედი ზღვაში ნავით. ზღვიდან დანახული ჩემი სახლი და ბუნება სულ სხვანაირი ჩანდა, ბევრად ლამაზი იყო და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ტილოზე გადმოტანის სურვილი მიჩნდებოდა.
ახლა კი, როდესაც ბავშვობის მერე ისევე ვუყურებ ამ ხედებს, აუცილებელი არ არის ზღვის ხატვა… როდესაც შევიგრძნობ ამ ყველაფერს, სხვა რაღაცების ხატვის სურვილიც მეუფლება.
– პორტრეტებს ხატავთ – ნახშირით ან უბრალო ფანქრით მუყაოზე…
– ალბათ უფრო ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ ვახსენე, როდესაც პირველად დავიწყე ხატვა. მას შემდეგ უფრო მხიბლავდა ეს პროცესი. შეგრძნება იმისა, როდესაც გამოვსახავ ადამიანის სახეს, უფრო დიდ სიმშვიდეს და სიამოვნებას მგვრის.
პორტრეტებს ხშირად ფოტოგრაფების ფოტოებიდან ვარჩევ, თანაც ისეთებს, რომლებიც შეესაბამება იმ მომენტში ჩემს განწყობას და ხასიათს.
– ხართ თვითნასწავლი… ხატვა და სწავლა მაგისტრატურაში, არ გიჭირთ?
– ზოგჯერ ძალიან რთულია ყველაფრის ორგანიზებულად კეთება. როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ვცდილობ, შანსი არ გავუშვა და მაინც დავხატო. ამ ეტაპზე შეკვეთებსაც ვხატავ, რომ მქონდეს მცირედი შემოსავალიც.
– საინტერესო რა არის ხატვის დროს?
– ჩემთვის ყველა ნახატის შექმნის პროცესი თავისებურად საინტერესოა, ყველა ახალ ნამუშევარში რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, თუმცა გამოვარჩევდი ფერად პორტრეტს, როდესაც პირველად დავხატე ზეთის საღებავებით. მანამდე დიდი ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, რომ საღებავებით მეცადა, არ ვიცი, რატომ ვერ ვბედავდი. როგორც იქნა, გადავლახე ეს ე.წ. დაბრკოლება და პირველი ნამუშევარი ძალიან საინტერესო გამომივიდა. ამის მიუხედავად, თავს კომფორტულად მაინც მაშინ ვგრძნობ, როდესაც ნახშირით ვხატავ.
– ჰობი…
– გარდა ხატვისა, ჩემი ჰობია ზღვაში სეირნობა ნავით, კითხვა, მუსიკა და ზოგჯერ გასართობად სამკაულებსაც ვაკეთებ…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენები უნივერსიტეტში მქონდა… საერთო ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, ნახატების უმეტესობა გაჩუქებული მაქვს, ახლა დავიწყე ნამუშევრების შეგროვება პერსონალური გამოფენისთვის.
სამომავლოდ, გეგმები მაქვს, თუმცა, არ ვიცი, ჯერ შეიძლება ოცნება ვუწოდოთ. იმედია, შევძლებ ახდენას. ძალიან მინდა ლამაზად გაფორმებული საკუთარი დიდი სტუდია მქონდეს.
თამარ შაიშმელაშვილი