„თუ ფანტაზიის უნარი გაქვს და გულით მუშაობ, აკეთებ იმას, რასაც გრძნობ“ – ხელოვანი და ლექტორი გადატვირთული გრაფიკით, მუზებთან კი – სიყვარულით განმარტოებული

პროფესიით ფილოლოგია – ინგლისური ენა და ლიტერატურა. მუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობ ლექციებს. ასევე ასწავლი კერძო სკოლაში. სამი წიგნის ავტორი და თანაავტორთან ერთად მუშაობს ახალ წიგნზე. ფილოლოგიის დოქტორი, მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთშორისო კონფერენციაში.
ამბობს, რომ ხელოვნება მისი ჰობია და ყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება. ამზადებს ხელნაკეთობებს სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით, ქსოვ ყაისნაღით და ჩხირებით, ქარგავ ახლახან კი ხატვა დაიწყო. – ფილოლოგისა და ხელოვანის, მაია გიორგაძის პერსონა.

 ხატვა და ხელოვნება თუ გიყვარდათ ბავშვობაში?
– ბავშვობაში ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ფაქტია, მიყვარდა. ახლა ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ და ფაქტებს, თუნდაც უმნიშვნელო დეტალებს, ვიხსენებ, ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ მიყვარდა, თუმცა მეც არ ვიცოდი, რომ მიყვარდა… ვხედავდი დედას, როგორ ქსოვდა თავისუფალ დროს. მეზობლად, ბებო ქსოვდა ყაისნაღით და ყოველთვის მაინტერესებდა. ასე რომ, ქსოვა ჩხირებით დედიკოსგან, ხოლო ყაისნაღით მეზობელი ბებოსგან ვისწავლე. მოვქსოვე უამრავი გადასაფარებელი, წინდები, ფაჩუჩები. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა პროცესი.
მახსოვს, დედას ახალი ზეწარი დავჭერი, რომ დამექარგა ხელსახოცები. მეგონა, სამსახურიდან დაბრუნებული დედა გამიბრაზდებოდა… მისი დამსახურებაა, რომ არაფერში არ მზღუდავდა  და ჩემს ინტერესებს ვიკმაყოფილებდი. ქარგვაში, ქსოვაში, კერძებისა და სალათების კეთებაში, დეკორატიულად სალათებისა და სადილების გაფორმების ინტერესი, რაღაც ახლის გამოგონების სურვილი ყოველთვის მქონდა. გაუცნობიერებლად ყველაფერში ვხედავდი ხელოვნების ნიმუშს  (ამას ახლა ვიაზრებ) და ვაწყობდი  ფიგურებს,  ვაფორმებდი სალათებს.
ასევე ვისწავლე ქარგვაც. ბავშვობაში, 13 წლის ასაკში დავქარგე ზამთრის პეიზაჟი იმ მასალის გამოყენებით, რაც მქონდა (მგონი, ამ ტექნიკას „წყლით ქარგვას“, იგივე მხატვრულ ქარგვას უწოდებენ). ახლა ის ჩარჩოშია და ამშვენებს ჩემს ოთახს.
უკვე მოგვიანებით, სულ რამდენიმე წლის წინ, ჯვრებით იგივე ჯვარედინი ქარგვა ვისწავლე დამოუკიდებლად. რამდენიმე დაქარგული სურათი მაქვს. მერე ერთმა საყვარელმა გოგონამ, ირინა ჯინჭარაძემ, რომელიც ახლა ჩემი მეგობარია, მასწავლა ლენტებით ქარგვა. ბისერებით სამკაულების აწყობა, ლუნევილური ქარგვის ტექნიკა კი შევისწავლე ნინო ნადირაშვილთან, რომელთანაც ასევე ვმეგობრობ. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ხელოვნებას მაზიარეს და შემაყვარეს.
 და მაინც, მომავალ პროფესიად ფილოლოგობა აირჩიეთ… რამდნიმე წლის წინ თსუ-ს საუკეთესო პედაგოგადაც დაგასახელეს…
– დიახ, ვარ ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი. დედა ფიზიკა – მათემატიკოსია. ალბათ აქაც მისი გავლენაა ნაწილობრივ, რადგან მომწონდა, როგორ ავსებდა ჟურნალს, ასწორებდა სტუდენტების ნაშრომებს, მეც ბავშვობაში  ხშირად მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ვარ ინგლისური ფილოლოგიის დოქტორი, 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და 3 წიგნის ავტორი.
ამჟამად ვმუშაობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სტუდენტების სიყვარული გულით თან დამაქვს. ვმეგობრობ მათთან და ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან, სწორედ ამიტომ 2014 წელს დამასახელეს თსუ-ს წლის საუკეთესო პედაგოგად. ის, რაც გიყვარს და გულით აკეთებ, ფასდება და სიყვარულით გიბრუნდება უკან.
 სტუდენტობის დროს  თუ  გრჩებოდათ ხელოვნებისთვის დრო?
– სტუდენტობის პერიოდი ცოტა უცნაური იყო, სრულიად ორიენტირებული ვიყავი სწავლაზე, განსაკუთრებული არაფერი შემიქმნია ხელოვნების თვალსაზრისით, ასე არ ვიყავი შეპყრობილი,  თუმცა, როდესაც ჩემი პატარა ძმისშვილი დაიბადა, მოვუქსოვე ჟაკეტი, წინდები და დავუქარგე თვალებზე დასაფარებელი (ძილისთვის). ვქსოვდი ყაისნაღით, განსაკუთრებული არაფერი….
სტუდენტობის პერიოდი თავისთავად ძვირფასია,  ამაყი ვარ,  რომ ჩემი საუკეთესო და საყვარელი ლექტორი ახლა ჩემი მეგობარია, ერთად ვმუშაობთ სამეცნიერო სტატიებზე და მე, დღეს კიდევ მაქვს შესაძლებლობა, ბევრი ვისწავლო მისგან ჩემი ძირითადი პროფესიის თვალსაზრისით.
  ამბობთ, რომ ხელოვნება ჰობია… პირველი ხელნაკეთები…
– პირველ ნამუშევრებზე მოგახსენეთ (ბავშვობის ასაკში გატაცება), პანდემიის პერიოდში კი უფრო თამამად დავიწყე, რადგან მეტი თავისუფალი დრო მქონდა. გავაკეთე ნაძვის ხის სათამაშოები, ნაძვის ხეები, გნომები, თოჯინები და თამამად გამოვფინე სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე. მოწონება დაიმსახურა, ამან მოტივაცია მომცა და კიდევ მეტი შევქმენი. შემდეგ გადავედი ბისერებზე და ლუნევილური ქარგვის ტექნიკით ქარგვაზე (მადლობა ნინო ნადირაშვილს).
ბევრი შეკვეთა მივიღე და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავთამამდი. შემდეგ ვისწავლე ლენტებით ქარგვაც (მადლობა ირინა ჯინჭარაძეს ყველაფრისთვის), მისმა შექებამ კიდევ მეტად გამათამამა და ირინას წყალობით გამოფენებზეც აღმოვჩნდი.
 თქვენი ხელნაკეთები მრავალფეროვანია… თოჯინები, სათამაშოები, საახალწლო აქსესუარები, სამკაულები…  ყველაზე საყვარელი აქსესუარი, რომლის დამზადებაც გიყვართ?
– ყველა ნივთის გაკეთება მიყვარს და მსიამოვნებს, ასე ვერ გამოვარჩევ, მთავარია, თავისუფალი დრო ვიპოვო. საოცრად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მეც მიკვირს ზოგჯერ, როგორ ვასწრებ, თუმცა, როცა გიყვარს, ეს შესაძლებელია.
 დღეს უამრავი აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს. როგორ უნდა შეინარჩუნოს ხელოვანმა თვითმყოფადობა? ანუ საკუთარი ხელწერა რომ ჰქონდეს?
– ხშირად მომისმენია, რომ შენი თოჯინები სხვებს არ ჰგავს, შენი ფერთა შეხამება განსხვავებულია, ალბათ უნდა შენი ხელწერა გქონდეს, ჩვენ ერთმანეთს შთაგონებას ვაძლევთ, რაღაც რაღაცის საფუძველზე ან მასთან მიმსგავსებით იქმნება, მაგრამ თუ ფანტაზიის უნარი გაქვს და გულით მუშაობ, აკეთებ იმას, რასაც გრძნობ, დებ შენს ემოციას, ეს უკვე შენეულია და შენია.
 როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხელოვნებას და ძირითად პროფესიას?
– რთულია, როცა ასეთი გადატვირთული განრიგი გაქვს, ლექციები, გაკვეთილები, სამეცნიერო საქმიანობა, მაგრამ შესაძლებელია, თუ გიყვარს. ყველა წუთი ძვირფასია ჩემთვის და ვცდილობ, დრო გადავანაწილო, თუმცა, ძირითადად, ღამე ვაკეთებ, როცა მუზები შემომიტევენ და ხელებს ვერ ვაჩერებ ახლის შექმნის სურვილით.
 როდის მუშაობთ? თუ გჭირდებათ შთაგონება?
– შთაგონება და მუზები სულ მყავს,  მთავარია, თავისუფალი დრო. ვმუშაობ, ძირითადად, ღამე.  გაკვეთილებსა და ლექციებს შორის შუალედებშიც მიმუშავია შესვენებების დროს.
 გვიამბეთ რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ერთ-ერთი თოჯინა, რომელიც შედარებით დიდია ზომით, კეთების პერიოდში, უნებურად, ძალიან დაემსგავსა ჩემს ძმისშვილს (ელენას). როდესაც ჩემს გვერდზე გამოვფინე, ჩემს ნაცნობებსა და ახლობლებს ეგონათ, მისი პროტოტიპი იყო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სხვა რამ მქონია ჩაფიქრებული და მუშაობისას სულ სხვა იდეები მომსვლია და სხვა რამ შემიქმნია.
საინტერესოა ხელოვნება, სხვა სამყაროა, საოცრად დიდ სიამოვნებას ვიღებ.
 ახლახან ხატვაც დაიწყეთ… პირველი ნახატები…
– აი ხატვა ძალიან შემიყვარდა. ვიყავი ერთ-ერთ გამოფენაზე, სამების ტაძარში, მონაზონ ელისაბედის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე (მადლობა მას და კიდევ ჩემს ირინას, ვისი საშუალებითც მოვხვდი იმ საოცარ სამყაროში). ვათვალიერებდი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნახატებს  და ვიფიქრე, რომ მეც შევძლებდი. (სხვა დროს არასოდეს დამიხატავს, არც კი ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა ფუნჯები და ტილო, საღებავები)…
ვიყიდე მასალა და დავხატე, გავბედე და გამოვფინე ისევ ჩემს გვერდზე ცოტა კრძალვით და შიშით, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა. იმდენი მოწონება დაიმსახურა, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი იყო და დამწყები ვიყავი.
მივიღე რჩევები, გავითვალისწინე და შემდეგ თანდათან გავაუმჯობესე, თუმცა მივხვდი, რომ პროფესიონალურ დონეზე მომინდა სწავლა. ერთ თვეში 10 ნახატი შევქმენი, ეს ისეთი ადრენალინი იყო… კომენტარები უფრო და უფრო მიმატებდა სურვილს და მიღვიძებდა მოტივაციას. ახლა ვსწავლობ, მყავს საოცარი მასწავლებელი (ქეთი საბანაძე), ვნახოთ, როგორი მხატვარი გამოვალ.
 გამოფენები, სამომავლო გეგმები….
– რა თქმა უნდა, დავდივარ გამოფენებზე, ვტკბები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებით, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო გამოფენაში  ლენტებით ნაქარგი სურათებით და სამომავლოდაც ვგეგმავ. იმედია, ოდესმე ჩემი პერსონალური გამოფენაც მექნება.

                                                                                                   

                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები