დაიბადა საქართველოში, გაიზარდა კიევში... პირველი ნაბიჯები ხატვაში სწორედ კიევს უკავშირდება. დადიოდა კიევის სამხატვრო სკოლაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.
ხატავდა წიგნის ილუსტრაციებს გამომცემლობა „ანბანში“. მოსწონს საბავშვო ილუსტრაციების შექმნა. – ქსენია კორნაჩიკის პერსონა.
– დავიბადე საქართველოში, ხელოვნების მოყვარულთა ოჯახში. ხატვისადმი მიდრეკილება დედამ შემატყო ოთხი წლის ასაკში, რომ ჩემი ხედვა განსხვავებული იყო, ნახატები კი არ იყო ბავშვური და მარტივი.
– კიევში გაიზარდეთ… იქ დადიოდით სამხატვრო სკოლაში. როგორ გახსენდებათ ის წლები?
– ხატვის შესწავლის პირველი ნაბიჯები დავიწყე უკრაინაში, სამხატვრო სკოლაში, სადაც გავიაზრე ხატვის არსი. პატარა ასაკის მიუხედავად, მომავალ პროფესიას შევუდექი სერიოზულად. ვმონაწილეობდი კონკურსებსა და გამოფენებში, ასევე მიყვარდა ეტიუდებზე გასვლა ბუნებაში.
მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინა თბილი ფერების ქვეყანაა. დღესაც ჩემს ნახატებს უკრაინის კვალი ამჩნევია.
– სახელმწიფო აკადემია თბილისში დაამთავრეთ…
– ერთხელ პირველ კურსზე ლექტორმა გვითხრა, რომ კვირაში შვიდი დღეა, მაგრამ მხატვრისთვის არის რვა დღე. და თუ იპოვი იმ მერვე დღეს, მაშინ გახდები ნამდვილი მხატვარიო. ზუსტად არ ვიცი, ვიპოვე თუ არა, რადგან მხატვრობას არ აქვს ზღვარი.
– გამომცემლობა „ანბანში“ წიგნის ილუსტრაციებს ხატავდით. რამდენი წიგნი გააფორმეთ?
– საბავშვო წიგნის გაფორმებას ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება, რადგან ბავშვებს წიგნის წაკითხვისას პერსონაჟები მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ.
ბევრი წიგნი გავაფორმე, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნია „ნილსის თავგადასავალი”. მასზე მუშაობისას ვუკითხავდი ნაწყვეტებს ბავშვებს და ვაყოლებდი, როგორი წარმოედგინათ პერსონაჟები.
მწერლის აღწერილობით და ბავშვების ემოციებით იქმნებოდა ილუსტრაციები.
– ხატავთ ფერიებს, ბავშვებს, ზოდიაქოს ნიშნებს… რატომ არჩიეთ ბავშვებისთვის ხატვა?
– არჩევანი ილუსტრაციაზე შევაჩერე, რადგან მიყვარს პერსონაჟების შექმნა, მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. მიმაჩნია, რომ ბავშვებს აქვთ დიდი და საინტერესო სამყარო, ხატვის პროცესშიც სიამოვნებას ვიღებ.
ასევე, ჩემი სურვილია, ბავშვებს ხელოვნება შევაყვარო.
– უკრაინის ამბებმა თუ მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?
– სახელოსნო სახლში მაქვს მოწყობილი, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ. ბავშვობიდან დიდი პროტესტი მქონდა ძალადობისა და ომისადმი. ამიტომ მივიღე მონაწილეობა გამოფენაში – „არა ომს”. ასე შეიქმნა ჩემი ნახატი – „საქანელა ტანკის ლულაზე”.
უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ ძალიან დამსტრესა, რთულია ამ ტკივილის გადმოცემა. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, ვეღარც ვხატავდი.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია მოგზაურობა. ახალი ადგილების ნახვა დიდ ემოციას იწვევს ჩემში. მიყვარს საქართველოს კუთხეების დათვალიერება.
– გაქვთ გვერდი – Kornachik’s Art… მაინც ზოდიაქოს რომელ ნიშანზეა მოთხოვნა?
– ასე ვერ გამოვყოფ. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი შემფასებელი ჰყავს. ჩემი ფავორიტი კი ქალწულია, რადგანაც მე თვითონ ქალწული ვარ.
– ოჯახი…
– ოჯახი მუდამ გვერდში მიდგას და მეხმარება, რომ ვიყო წარმატებული.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ გეგმაში მაქვს სერია – „საშობაო ანგელოზების” გაგრძელება. ეს სერია ძალიან მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ემიგრანტებში.
თამარ შაიშმელაშვილი