საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თურქეთის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი – ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალური პროკურორი – ბექირ შაჰინი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს. თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები