ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აგრძელებს.
პროექტი, რომელიც ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, გზის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან. აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.
ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.