ვალერი ხაბურძანია: ბადრი ცოტა უცნაური კაცი იყო

უშიშროების ექსმინისტრი ვალერი ხაბურძანია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს გაზეთ „ალიას“ უმხელს. ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი ცდილობდა, ედუარდ შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ ძალოვანი მინისტრები “ცუდები” იყვნენ და ცვლილებები განეხორციელებინა. ექს-მინისტრი გამომცემლობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა კანონის გვერდის ავლით მიიღო.
„ბადრი თავის დროზე მეგობრობდა კახა თარგამაძესთან და კობა ნარჩემაშვილთან. თუმცა, მათ მეგობრობა ბოლომდე არ გამოუვიდათ. მე არ ვიცი, შიგნით რა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ზოგადად ბადრი იყო ცოტა უცნაური კაცი. მაგალითად, 2002 წლის 26 მაისს, აღლუმზე მე და კობა ვიდექით ერთად, კობას გამოსდო ხელკავი, გაიყვანა გვერდით, მე არც გამარჯობა მითხრა, არც არაფერი. კობა რომ მობრუნდა, მითხრა, ეს ბადრი პატარკაციშვილიაო. მანამდე არ ვიცნობდი, მხოლოდ გვარი და სახელი მქონდა გაგონილი. არც ამის მერე მქონია ურთიერთობა, მაგრამ ერთი პერიოდი კობასთან დაეძაბა სიტუაცია. ამის შესახებ ინფორმაციები მეც მომდიოდა. ის ცდილობდა, ედუარდ შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ ძალოვანი მინისტრები ცუდები იყვნენ და ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. ამის შემდეგ მე მოსკოვში ვიკითხე ბადრის ამბები… მას რაღაც პრობლემა ჰქონდა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო კანონის გვერდის ავლით, ეს კომპრომატი მე მქონდა და შემეძლო, გამომეყენებინა. ჯერ შევარდნაძეს ვკითხე: ეს კაცი რაღაცებს აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ძალოვნების წინააღმდეგ მოქმედება თქვენც გირტყამთ, ამაზე რას იტყვით-მეთქი? რა ვიცი, რა უნდა ვთქვა, მე მგონი, ეგ კაცი პუტინის ახლობელიაო. მე ვუთხარი, არა მგონია-მეთქი. არა, ერთხელ პუტინს რომ შევხვდი, პირდაპირ მითხრა: “კაკ ტამ ნაშ ბადრი”-ო? შეიძლება ეს ირონიულად ეთქვა, ცინიკურად-მეთქი. მერე მივხვდი, შევარდნაძე თავს იშტერებდა, თითქოს თავადვე უნდოდა, რომ ბადრი პუტინის კაცი ყოფილიყო. მე დავპირდი, რომ ამ საკითხს გავარკვევდი და მოსკოვში, გარკვეულ წრეებში გავიკითხე. აღმოჩნდა, რომ პუტინსა და მის გარემოცვას ბადრისთან იმ ეტაპზე არავითარი კავშირი არ ჰქონდა. სხვათა შორის, მაშინ მირჩიეს, შენ ამ საქმეში ნუ ჩაერევი, არ ღირსო. მე ვუთხარი, მაინც მოვსინჯავ, შევხვდები ბადრი პატარკაციშვილს, თქვენგან რა გადავცე-მეთქი? ჩვენგან გადაეცი, ბორის ბერეზოვსკის დაანებოს თავი, რაც აქ ბიზნესები ჰქონდა, ყველაფერს დავუბრუნებთ და თავისუფლად იქნება რუსეთშიო. ჩამოვედი თბილისში, შევხვდი ბადრის, ეს სიტყვები გადავეცი და მიპასუხა: “ია დრუზეი ნე პრადაიუ”. ამის შემდეგ მთხოვა, მოდი, მე და შენ კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ შევიკრათო. მეც იგივე ვუპასუხე – “ია, ტოჟე დრუზეი ნე პრადაიუ”. ჩვენ დავშორდით იმ შეთანხმებით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს არ გადავდგამდით, თუ რამე ისეთი მოხდებოდა, ერთმანეთს პირდაპირ ვეტყოდით“,  – აცხადებს ვალერი ხაბურძანია გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები