“ნაციონალები” არეულობის მოწყობას აპირებენ?!

   სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება პირველი და უკანასკნელი არ იქნება, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი სისტემური დანაშაულების კვლავაც პოლიტიკურ დევნად მონათვლას საპროტესტო აქციებით დაძაბულობის ინსპირირების გზით შეეცდება, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ ექსპერტთა ვარაუდებზე დაყრდნობით წერს. იურისტი და ექსპერტი კახა კახიშვილის გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ ის სამი საერთაშორისო დონის პროკურორი, რომლებიც კონსულტაციებისთვის მოიწვიეს, საქართველოში წლის ბოლომდე დარჩება, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურა კიდევ არაერთ მსგავს საქმეზე მუშაობს. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესი და “ნაციონალური მოძრაობა” რა გზით შეეცდება ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი სისტემური დანაშაულები კვლავაც პოლიტიკურ დევნად მონათლოს?
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი ვერსიით, “ნაციონალურ მოძრაობაში” განიხილავენ საპროტესტო აქციებით დაძაბულობის ინსპირირების გზასაც. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, “ნაციონალებმა” შემოდგომაზევე სცადონ დაძაბულობის ინსპირირება და ამისთვის რესურსის სრული მობილიზება მოახდინონ. შესაძლოა, მათ სამართალდამცველთა პროვოცირებაც სცადონ. ექსპერტთა ვარაუდით, “ნაციონალები”, ალბათ, მიზანს ვერ მიაღწევენ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გაუჩნდებათ. თუმცა, დაძაბულობას დასავლეთისთვის იმის დასამტკიცებლად გამოიყენებენ, რომ საქართველოში ოპოზიციას კვლავ დევნიან და მანამდე აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
“როდესაც პირი პასუხისგებაში მიცემის შემდეგ იმალება, მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გამომძიებელი და პროკურორი იღებენ ბრალდებულზე ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას. პირველ ეტაპზე იძებნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. თუ შსს მიიღებს დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ძებნილმა გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, ამას აცნობებს ძებნის ინიციატორს, რომელიც პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტს უგზავნის თხოვნას, რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს მასალების მომზადება ბრალდებული პირის საერთაშორისო ძებნის შუამდგომლობისთვის. მოგროვილი მასალები იგზავნება ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, რომელიც ამ მასალებს, თავის მხრივ, ლიონში მდებარე ინტერპოლის სათავო ოფისში გზავნის, სადაც ინტერპოლის გენერალური მდივანი პირადად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულად რომელიმე პირის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე.
გადაწყვეტილებამდე ძებნის მოთხოვნა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე ფილტრს გადის: პირველი – შეისწავლიან, ისჯება თუ არა ბრალდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული იმ ქვეყნებში, სადაც ის შეიძლება იმყოფებოდეს; მეორე – ხომ არ არის ძებნა განპირობებული პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ან სხვა მოტივებით. თუ ინტერპოლმა დაადგინა, რომ ძებნის მოტივი რომელიმე ზემოჩამოთვლილთაგანია, ინტერპოლის გენერალურ მდივანს უფლება აქვს, არ შეიყვანოს მიმალული პირი საერთაშორისო ძებნილთა სიაში”, – ამბობს კახა კახიშვილი.
იურისტთა თქმით, ამ პროცესს, სულ ცოტა, 3-დან 6-თვემდე დრო დასჭირდება. კახიშვილისვე თქმით, ის ბრალდება, რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ანუ უფლებამოსილების გადამეტება, ვერ მიიჩნევა იმ ტიპის დანაშაულად, რომელიც ექსპრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების საფუძვლად გამოდგება. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, სააკაშვილის ძებნა გამოცხადდება, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება შეფერხდება, რადგან დაიწყება ვაჭრობა საქართველოსა და დასავლეთის ზოგიერთ ხელისუფალს შორის.
“ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, სააკაშვილი უმანკო კრავად წარმოეჩინათ, დღესაც, როგორც ჩანს, რაღაც ვალდებულებას გრძნობენ, კვლავაც მის დაცვას ცდილობენ. მეტიც, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, ამჯერად მათი ძალისხმევა მაინცდამაინც შედეგიანი არ არის, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს სიმწვავე ნამდვილად მოაკლდა და უკვე გაცვეთილი ფრაზებით შემოიფარგლება. მით უფრო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის საზღვარგარეთელ ადვოკატებს ამგვარი განცხადებების კეთებისას მეტი დაკვირვება დასჭირდებათ. რა შედეგებამდე მივალთ, ამის პროგნოზირება მარტივი არ არის. ეს დამოკიდებული იქნება ქართული მართლმსაჯულების ხარისხსა და ავტორიტეტზე. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – შედეგი არ იქნება პოზიტიური, ვიდრე საქართველოს პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში ისევ სააკაშვილისა და ადეიშვილის თანამზრახველები იმუშავებენ”, – ამბობს ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები