მევლუდ მელაძე: მაღალი სიჩქარით მოძრაობის პრობლემას მაინც ვერ გავექეცით, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს

­არსებული ბევრი პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, მაღალი სიჩქარით მოძრაობის პრობლემას მაინც ვერ გავექეცით, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცეპრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტომანქანით გადაადგილებისას სიჩქარის გადაჭარბების გამო სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„არსებული ბევრი პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, მაღალი სიჩქარით მოძრაობის პრობლემას მაინც ვერ გავექეცით. ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც ფატალურად სრულდება, ძირითადად, სიჩქარის გადაჭარბების გამოა გამოწვეული.
ვფიქრობ, რომ პოლიცია კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს. ისეთ დარღვევებზე, რომლებსაც სხეულის დაზიანება მოჰყვება ან ფატალურად სრულდება, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. იმ ხალხს, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს, ვურჩევდი, რომ ამისთვის სპეციალური ადგილები არსებობს, მაგალითად, „ლილო არენა“, სადაც შეგიძლია, მოხვიდე, საკუთარი თავი იპოვო, დაიხარჯო, ადრენალინი გამოყო. ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხო უნდა იყოს“, – განაცხადა მელაძემ.

16-22 მაისს საქართველოში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის მთავარი თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების შემცირებას ეხება.

„გაერო-ს კვირეულის ფარგლებში, მთავარი გზავნილი მაინც არის ის, რომ სვლა შევანელოთ და ეს მნიშვნელოვანია. შეანელე, ნიშნავს იმას, რომ სიჩქარეს იმ ზღვარს ზემოთ არ გადააჭარბო, რაც კონკრეტულ საგზაო ნაწილზეა დაწესებული“, -განაცხადა მელაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები