„ხალხი იკარგებოდა, მათ აწამებდნენ“ – შშმ პირების ისტორია ოკუპირებული ბუჩადან

ტელეწამყვანმა და აქტივისტმა, ულიანა პჩელკინამ და მისმა მეუღლემ თითქმის ორი კვირა გაატარეს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ბუჩაში. მათ მოახერხეს არა მხოლოდ კოშმარულ პირობებში გადარჩენა და ლვოვში წასვლა, არამედ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ორგანიზება.

ამის შესახებ ტელეწამყვანმა NV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ულიანა და მისი ქმარი ვიტალი ბუჩაში ცხოვრობდნენ. ორივე ეტლით გადაადგილდება.

„ჩემთვის ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემმა მეგობარმა ლუცკიდან დარეკა ტელეფონზე და მითხრა, რომ ომი დაიწყო და მასთან წავსულიყავი. მე გავაღვიძე ჩემი ქმარი და მასაც ვუთხარი, რომ ომი დაიწყო. შემდეგ გავიგეთ აფეთქების ხმა ჰოსტომელის აეროდრომის მიდამოში – ის ჩვენი სახლიდან, დაახლოებით, 4,5 კილომეტრშია. მას შემდეგ სიჩუმე არ ყოფილა”, – იხსენებს ულიანა.

მათ მაშინვე არ დატოვეს ქალაქი, რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ ბუჩში ეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. შემდეგ ქალაქი ყველაფერს მოწყდა. რუსი დამპყრობლები იქ 27 თებერვალს შევიდნენ და სასტიკი ბრძოლები დაიწყო. წყვილი საკუთარ ბინაში დარჩა, რადგან სარდაფი არ იყო აღჭურვილი შშმ პირთა საჭიროებებით.

„გარდა ამისა, ჩვეულებრივი სარდაფი არ წარმოადგენს ბომბებისგან თავშესაფარს და სხვაგან სირბილი, როდესაც ეტლით სარგებლობ, არ არის გამოსავალი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ მოულოდნელად ნგრევა იქნებოდა, მაშინ მაშველები ბინაში უფრო სწრაფად გვიპოვიდნენ, ვიდრე სარდაფში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სახლში დარჩენას გვაიძულებდა, არის ის, რომ ჩვენი ბინა სრულად არის აღჭურვილი ჩვენი საჭიროებებით. ჩვენთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია, ყველაფერი მაქსიმალურად კომფორტულია და ასე გადარჩენის შანსიც მეტია“, – განმარტა ტელეწამყვანმა.

წყვილი ცხოვრობდა ბინაში, სადაც არ იყოს წყალი, გაზი და სინათლე, სადაც ოთახში ტემპერატურა 10-12 გრადუსს შეადგენდა, რის გამოც მუდმივად თბილად ჩაცმა უწევდათ, მაგრამ ამან ვიტალი ვერ გადაარჩინა და ის ავად გახდა.

„27 თებერვლის შემდეგ ვიტალიკს შარდის ბუშტის ანთება დაემართა – მისი მკურნალობა ვერ შევძელით, ეს მხოლოდ 9 მარტის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როცა მოვახერხეთ ბუჩა დაგვეტოვებინა და უსაფრთხო ადგილას წავსულიყავით“, – ამბობს ულიანა.

9 მარტს წყვილს ბუჩას დატოვებაში მეზობელი დაეხმარა, რომელიც მოხალისედ წავიდა.

„ჩემი პირველი სურვილი იყო, ვმჯდარიყავი მიკროავტობუსში და არაფერზე  მეფიქრა. არ მაინტერესებდა ქონება, მანქანა ან სხვა რაიმე… ოკუპაციაში ცხოვრების შემდეგ სულ სხვა ღირებულებები გაქვს. თუმცა, მერე ვიფიქრე: ეს ხომ დამატებითი ადგილებია, სადაც სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ ჩასხდომა. ამიტომ, მე დავჯექი ჩემი მანქანის საჭესთან, ვიტალიკი ჩაჯდა საევაკუციო მიკროავტობუსში. სხვებიც ჩასხდნენ ჩემს მანქანაში და ჩვენ წამოვედით“, – თქვა პჩელკინამ.

როდესაც ისინი ქალაქში მოძრაობდნენ, რუსი სამხედროები ჯავშანტრანსპორტიორებით დადიოდნენ – ისინი ავტომატებიდან ესროდნენ ხალხს, მანქანებს. ულიანამ გზაზე დაინახა ადამიანების შინაგანი ორგანოები, ჩაცხრილული მანქანები და ერთ-ერთ მანქანაში მყოფი გვამი. იმ დღეს ოფიციალური ევაკუაცია ჩაიშალა, მაგრამ, დაახლოებით, 16:00-ზე სამოქალაქო მანქანებმა გზატკეცილზე დაიწყეს გასვლა კიევის მიმართულებით, თუმცა სხვა მარშრუტი იყო შეთანხმებული „მწვანე“ დერეფნისთვის.

მთელი კოლონა გადავიდა ქალაქ ვორცელში, შემდეგ სოფელ დმიტროვკაში, სადაც რუსული საგუშაგოები იყო განთავსებული. მანქანა ყველა საგუშაგოზე გააჩერეს და რუსმა სამხედროებმა გაჩხრიკეს – ეძებდნენ ჩამწერებს, ათვალიერებდნენ საბუთებს.

„ჩემთან მოვიდა რუსი სამხედრო და გადმოდიო, მითხრა. დავანახე, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ. მანქანაში გვერდით მჯდომმა ჩემი ტელეფონი სკამებს შორის დამალა – არ მქონდა დრო, რომ ყველაფერი წამეშალა. იქ მქონდა მიმოწერები, რაც შეიძლება რუს ჯარისკაცებს არ მოსწონებოდათ. ასე რომ, ამ ადამიანმა რუს სამხედროებს  თავისი ტელეფონი მიაწოდა. ის დიდხანს ათვალიერებდა სმარტფონში რაღაცებს, შემდეგ მეორეს მოუხმო, გვთხოვეს ხელები გვეჩვენებინა –  როგორც მივხვდი, ტატუს ეძებდნენ,“ – იხსენებს პჩელკინა.

წყვილმა სოფლებისა და ნაღმების გავლით ფასტოვამდე მისვლა მოახერხა, რადგან სხვა გზა არ იყო. მეორე დღეს ისინი ვინიცაში გაემგზავრნენ, იქიდან კი, ლვოვში, სადაც ახლა იმყოფებიან. პჩელკინების ბინაში რუსმა სამხედროებმა ყველაფერი გადაატრიალეს, მაგრამ ტექნიკას არ შეხებიან.

ულიანას თქმით, უკვე 10 მარტს, სულ მცირე, 67 გარდაცვლილი დაკრძალეს ეკლესიის მახლობლად, ძმათა საფლავში. მისი აზრით, ქალაქში რუსი ოკუპანტების როტაცია მოხდა, რის შემდეგაც ვითარება გაუარესდა.

“ალბათ, გადაცვლის შემდეგ შემოვიდნენ ბურიათელები, რომლებმაც დაიწყეს კიდევ უფრო დიდი სისასტიკეების კეთება: ხალხი ქრებოდა, აწამებდნენ, დასცინოდნენ. მაშინ შეტევები ნაკლებად ხორციელდებოდა და მათ „დრო ჰქონდათ“, – აღნიშნავს აქტივისტი.

ულიანა და ვიტალი პჩელკინი ახლა აქტიურად ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ლვოვში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები